ნიკი ჰეილი ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებზე - ცივილიზებული ერები ასე არ იქცევიან
ნიკი ჰეილი ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებზე - ცივილიზებული ერები ასე არ იქცევიან

გაერო-ში აშშ-ის ელჩი ქერჩის სრუტეში რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, უკრაინისთვის ქერჩის სრუტეზე ტრანზიტის შეზღუდვა უკანონოა.

„ის, რაც ვიხილეთ არის კიდევ ერთი უგუნური რუსული ესკალაცია. უკრაინული ხომალდები მიცურავდნენ ერთი უკრაინული პორტიდან მეორე უკრაინული პორტისკენ. ისინი ამის გაკეთებას ერთადერთი არსებული გზით – ქერჩის სრუტის გავლით ცდილობდნენ. როგორც რუსეთი, ისე უკრაინა, ჩვეულებრივ იყენებენ ამ მარშრუტს, თუმცა ამჯერად რუსეთმა გადაწყვიტა აუკრძალოს უკრაინულ გემებს გავლა, შეეჯახა მათ და ცეცხლი გაუხსნა. კანონმორჩილი ცივილიზებული ერები ასე არ იქცევიან. უკრაინისთვის ქერჩის სრუტეზე ტრანზიტის შეზღუდვა საერთაშორისო სამართლის დარღვევაა“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი მიესალმება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, თუმცა მოსკოვის უკანონო ქმედებები ამას შეუძლებელს ხდის. ნიკი ჰეილის განცხადებით, აშშ რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ სანქციებს შეინარჩუნებს.