გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპს მისცემს ხმას, ბაიდენის პრეზიდენტობა კი კატასტროფაა
გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპს მისცემს ხმას, ბაიდენის პრეზიდენტობა კი კატასტროფაა

გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპს მისცემს ხმას, ბაიდენის პრეზიდენტობა კი კატასტროფაა. ნიკი ჰეილიმ ამის შესახებ ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ეს ჰეილის პირველი საჯარო გამოსვლა იყო მას შემდეგ, რაც ის 2024 წელის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონს გამოეთიშა.

ჰეილის თქმით, მისი პრიორიტეტია, ხმა მისცეს პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც მხარს დაუჭერს აშშ-ის მოკავშირეებს, მტრებს აგებინებს პასუხს, დაიცავს აშშ-ის საზღვრების უსაფრთხოებას, დაუჭერს მხარს კაპიტალიზმს და თავისუფლებას, შეამცირებს აშშ-ის ეროვნულ ვალს.

„ტრამპი ამ პოლიტიკაში სრულყოფილი არ იყო. ეს ბევრჯერ ვთქვი კიდეც. მაგრამ ბაიდენი კატასტროფაა, ამიტომ ხმას ტრამპს მივცემ“, – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

გაერო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა გააკრიტიკა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის პოლიტიკაც.

„ორივე პარტიის ხმამაღალ ნაწილს სურს, მიატოვოს ჩვენი მოკავშირეები, დაამშვიდოს ჩვენი მტრები და ფოკუსირებული იყოს მხოლოდ იმ პრობლემებზე, რომლებიც სახლში გვაქვს. ამან უკვე დააყენა ამერიკა მთელ მსოფლიოში საფრთხის წინაშე და ეს საფრთხე დღითი დღე იზრდება“, – განაცხადა ჰეილიმ.

მან მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა. მისი განაცხადებით, 2021 წელს ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანა გახდა ირანის და რუსეთის გათამამების კატალიზატორი. მისივე თქმით, ჯო ბაიდენი აშშ-ის ისტორიაში შევა, როგორც მთავარსარდალი, რომელმაც უარი თქვა აშშ-ის მტრების შეჩერებაზე.

ცნობისთვის, გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში დონალდ ტრამპის კონკურენტი იყო. ორი თვის წინ ის საარჩევნო მარათონს გამოეთიშა, თუმცა მაშინ ჰეილიმ უარი თქვა მხარდაჭერა გამოეცხადებინა დონალდ ტრამპისთვის. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართება. ამჟამად საარჩევნო მარათონში მხოლოდ ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი მონაწილეობენ.