ნიკა ობოლაძე - სააკაშვილი საქართველოშია, გვაქვს ეს ინფორმაცია, მისი ჩამოსვლა ქვეყანაში ცვლილებების ხელშეწყობას უკავშირდება
ნიკა ობოლაძე - სააკაშვილი საქართველოშია, გვაქვს ეს ინფორმაცია, მისი ჩამოსვლა ქვეყანაში ცვლილებების ხელშეწყობას უკავშირდება

სააკაშვილი საქართველოშია. ახლა მთავარია, ყველაფერი წარიმართოს მშვიდობიანად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლა უკავშირდება ქვეყანაში ცვლილებების ხელშეწყობას.

„ადამიანები 2 ოქტომბრის არჩევნებზე მივიდნენ და დააფიქსირონ პოზიცია. როგორ შემოვიდა სააკაშვილი, კონკრეტულად რომელ მომენტში, სად იყო და ასე შემდეგ, ამას სააკაშვილი თავად მოგიყვებათ შემდეგ დღეებში, როდესაც ყველაფერი ჩაივლის და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. დეტალებზე საუბარს აზრი არ აქვს, ჩვენ არ ვაპირებთ ამ დეტალებზე საუბარს და არც მაქვს პირადად მე ეს ინფორმაცია.

სააკაშვილი საქართველოშია – გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩვენ ვემზადებით, რომ 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ განწყობის გათვალისწინებით, რა განწყობაც აქვთ. საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, 70 პროცენტს, აღარ უნდა ცხოვრების ასე გაგრძელება, უნდათ ცვლილებები. სააკაშვილის ჩამოსვლაც უკავშირდება ცვლილებების ხელშეწყობას და ამ ცვლილებებს მივიღებთ არჩევნებზე და ხმების დაცვით“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

კითხვაზე, რით ამტკიცებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, ობოლაძე ამბობს, რომ ამას მოწმობს გავრცელებული ვიდეოები.

„არაფრის მტკიცება არ გვჭირდება. ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილი არის საქართველოში. გამოჩნდა ვიდეოები, სადაც სააკაშვილი საუბრობს, რომ საქართველოშია. ამ ვიდეოში ჩანს, რომ ის საქართველოშია. ჩვენი პოზიციაც ეს არის“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.