ნიკა ობოლაძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული კადრები არის არაეთიკური, დანაშაული, ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა
ნიკა ობოლაძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებული კადრები არის არაეთიკური, დანაშაული, ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

გუშინ გავრცელებულ კადრებს შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის ამორალური, შეძლება დავარქვათ, რომ ეს არის არაეთიკური და დავარქვათ, რომ არის დანაშაული, მაგრამ მთავარი სახელი, რაც გუშინდელ კადრებს ჰქვია, არის ის, რომ ეს კადრები არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

„გუშინდელი კადრები არის ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდა სააკაშვილის მკვლელობისთვის. ისინი ამზადებენ სააკაშვილის მკვლელობას, მაშინ, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს არ აქვს უფლება მიიღოს 50 გრამი მინერალი, კაცი არის დაუძლურებული. კადრებშიც ჩანს, რომ მნიშვნელოვნად არის შელახული მისი ჯანმრთელობა და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამ დროს, ნაცვლად იმისა, რომ თუ რაიმე მინერალი მიიღო სააკაშვილმა, მხოლოდ უხაროდეთ ეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველაფერს აკეთებენ, რომ სააკაშვილი მოკვდეს“,- განაცხადა ობოლაძემ.

მისივე თქმით, მათი გეგმაა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.

„ჩვენი გეგმაა, გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, გადავარჩინოთ ქვეყანა, შევიკრიბოთ, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გვქონდეს. ეს იქნება მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე აქცია, რომ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი კლინიკაში. სააკაშვილის სიცოცხლე შენარჩუნდეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს ცხოვრების გაგრძელების შანსი და არ ჩავეხვიოთ იმ საშინელ მორევში, საიდანაც ათწლეულები შეიძლება, ვერ ამოვიდეთ“,- აღნიშნა ობოლაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღებაა აღბეჭდილი. უწყება ასევე ასაჯაროებს იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.