ნიკა მელიას საქმის პროკურორი – არასოდეს ჩემს პრაქტიკაში მოსამართლეზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მინახავს

20:44, 17.02.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორ ია დარჯანიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან არავითარი პოლიციური ძალები არ არიან მობილიზებული.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი არ არსებობს.

მისივე შეფასებით, მოსამართლის მიმართ უპრეცედენტო, ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.

„ვეთანხმები ჩემს კოლეგას, მართლა გვაქვს ინფორმაცია, რომ ოფისთან არაფერი ხდება, შეიძლება, არსებობდეს რაღაც კადრები, ოღონდ სად არის გადაღებული, რა მომენტში და ა.შ. არ ვიცით, ოფისთან ნამდვილად არაფერი ხდება. ერთადერთი, რაც აქ დავინახე, არის უპრეცედენტო – არასოდეს ჩემს პრაქტიკაში მოსამართლეზე ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მინახავს. მთელი მათი ძალისხმევა იყო მიმართული, თქვენზე მოეხდინათ ზეწოლა, დაეშინებინეთ, შეეშინებინეთ და რამენაირად საკუთარი თავის აცილება გაგეკეთებინათ. ვფიქრობ, ეს არანაირად არ არის აცილების საფუძველი და ზოგადად, არც სასამართლოში, პროკურატურაში, არც ერთ სამართალდამცავ ორგანოში მშიშარა ადამიანები ნამდვილად არ მუშაობენ, ტყუილით დაშინებული მოსამართლეც საქართველოს ნამდვილად არ ჰყავს. აცილების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა პროკურორმა.

ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. ადვოკატის განცხდებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მელიას დაპატიმრების შესახებ წინასწარ არის ცნობილი.

ამასთან, სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მოსამართლეს მიმართა: „ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილება თქვენთვის იქნება დადებითი შედეგის მომტანი და არა ნიკა მელიასთვის. სიცოცხლის ბოლომდე ლაქად გაგყვებათ ეს საქმე, თავი გადაირჩინეთ“.

მსგავსი