ნიკა მელია - წყდება საკითხი, რამდენ ხანს გვეყოლება ქვეყანაში მურუსიძეები, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, რას საუბრობენ ხელისბიჭები​
ნიკა მელია - წყდება საკითხი, რამდენ ხანს გვეყოლება ქვეყანაში მურუსიძეები, საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, რას საუბრობენ ხელისბიჭები​

დროა, კობახიძე და ოხანაშვილი შეეგუონ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავენ, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და პატივი სცენ როგორც დეპუტატებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთაც ზურგი აქციეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო პროცესი პრაქტიკულად მორღვეულია.

მდინარაძე, თალაკვაძე, ოხანაშვილი და კობახიძე წავიდნენ, მიცუნცულდნენ ივანიშვილთან, კონსულტაცია გაიარეს, ჩაწერეს არაოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც არც ერთ დეპუტატს წაკითხული არ აქვს. თურმე, ოხანაშვილისგან უნდა გავიგოთ და მას უნდა ვენდოთ. თურმე, ოხანაშვილამდე კონსულტაცია და მსჯელობა არ უნდა გაიმართოს. ამას არ დავუშვებთ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ ფორმალურად უმრავლესობა ჰყავს. დროა, კობახიძე, ოხანაშვილი შეეგუონ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე ცეკვავენ, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია და პატივი სცენ როგორც დეპუტატებს, ასევე მოქალაქეებს, რომელთაც ზურგი აქციეს. 14-გვერდიანი ინგლისურენოვანი რეკომენდაციები გასცა ვენეციის კომისიამ და როგორ ფიქრობთ, რამდენს აქვს წაკითხული? მგონი, არც უთარგმნიათ. შიდა განხილვა იყო ხუთ-ექვს კაცთან“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს 14:00 საათამდე გაეცნობიან.

„წყდება საკითხი, მურუსიძეები ქვეყანაში რამდენ ხანს გვეყოლება. საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს, რას საუბრობენ ხელისბიჭები – მდინარაძე, თალაკვაძე, ოხანაშვილი, კობახიძე. ისინი მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ატარებენ და კანონპროექტი საერთოდ არ აინტერესებთ. აინტერესებთ, მხოლოდ ივანიშვილი რას ეტყვით და შემდეგ მოციქულებივით გადმოვცემენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის პროტესტისა და ცხარე კამათის გამო, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ, 14:00 საათამდე გადაიდო. მათი თქმით, ვერ მოასწრეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების გაცნობა.