ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმაც დაადასტურა.

სხდომის შემდეგ, რომელზეც მოსამართლემ მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მოსამართლე ლაშა თავართქილაძე უთხრა, რომ მისი გადაწყვეტილება არაკანონიერი იყო.

ნიკა მელიამ განმარტა, რომ მისი დაკავების ოქმი არაკანონიერად შედგა.

„მოსამართლემ შავზე თქვა თეთრი. გაყალბებული დოკუმენტი უდევთ. ჩემი დაკავების დროს ოქმი არ შედგენილა. კითხვაზე, რატო არ არის ის ეპიზოდი გადაღებული სამხრე კამერით, როდესაც ოქმს ადგენდნენ, პასუხია, თითქოს სველ წერტილში შევიდა და აი, ამ დროს გამორთო კამერა. აი, ასეთი საქმის პირობების მოსამართლემ ლაშა თავართქილაძემ, რომელიც არის დამნაშავე მურუსიძის მეგობარი, ბედავს და გამოაქვს გადაწყვეტილება, რაც ჭეშმარიტებასთან საერთოდ შორს არის”, – განაცხადა მელიამ.

სხდომაზე მეორე მხარედ წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი. დაიკითხა სამი მოწმე, რომლებიც 11 ივნისს გამართულ აქციაზე მელიას დაკავებაში იღებდნენ მონაწილეობას.

მოწმეებმა განმარტეს, რომ ნიკა მელიამ დაარღვია წესრიგი და გზის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, რითიც მოძრაობდა შეფერხდა.

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ნიკანორ მელიას მიმართ შედგა სამართალდარღვევათა ოქმი და დასტურდებოდა მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ის არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს”, – განაცხადა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა ალეკო ნაჭყებიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სამართალდამრღვევად ცნო და 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.