ნიკა მელია - სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, ვეგუებით რეალობას თუ არ ვეგუებით
ნიკა მელია - სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველამ უნდა გადავწყვიტოთ, ვეგუებით რეალობას თუ არ ვეგუებით

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილება, ღმერთმა დაგვიფაროს, საწყენი იქნება, მაგრამ რეალობა გვაიძულებს, რომ ეს მაღალი ალბათობა დავუშვათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიას თქმით, „ამას თუ ექნება ადგილი, ჩვენც, თქვენც, ჟურნალისტებმაც, უნდა გადავწყვიტოთ, ვეგუებით რეალობას თუ არ ვეგუებით“.

„მე ვფიქრობ, ოჯახის პოზიცია, თავად მიხეილ სააკაშვილის პოზიცია – ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ – უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში იყო ის სტრატეგია, რასაც ადგილი ჰქონდა. ჩვენც მაქსიმალურად ვიყავით კოორდინაციაში ამ სტრატეგიის განვითარებასთან ერთად, არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად, რადგან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და გახდა საჭირო, რომ სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფებს შესაბამისი დასკვნები დაედოთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათისთვის გადაიდო.

პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა „ვივამედისგან“ მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც, მკურნალმა ექიმმა, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

პენიტენციურმა სამსახურმა, ასევე მოსამართლემ და ადვოკატებმა დრო ითხოვეს დამატებითი მასალების გასაცნობად. გარდა ამისა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვის საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული დროა საჭირო.