ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება ჩემგან განცხადებას, რომ თანხმობას ვაცხადებ ამნისტიაზე, მივმართავ კობახიძეს, ნუ ნერვიულობს და მშვიდად მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება
ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება ჩემგან განცხადებას, რომ თანხმობას ვაცხადებ ამნისტიაზე, მივმართავ კობახიძეს, ნუ ნერვიულობს და მშვიდად მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება

„ქართული ოცნება“ ვერ ეღირსება ჩემგან განცხადებას, რომ თანხმობას ვაცხადებ ამნისტიაზე, მივმართავ კობახიძეს, ნუ ნერვიულობს და მშვიდად მიიღოს სასურველი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა და მოუწოდა, მიიღოს ამნისტიის კანონპროექტი იმ ფორმით, რა ფორმითაც სურს, თუმცა თავად მასზე თანხმობას არასოდეს განაცხადებს.

„რამდენჯერ უნდა ვუპასუხო ბატონ კობახიძეს, როგორც ოლიგარქის წარმომადგენელს, რომ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ვერ ეღირსება ჩემგან იმ განცხადების მოსმენას ან განცხადების წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე. ისინი ასე ახმოვანებენ, თითქოს არ უნდა უარვყოთ. გამორიცხულია. ჩემს კოლეგებს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს აქვთ სწორი პოზიცია, ისინი ხვდებიან, რამდენად არაგულწრფელი რეჟიმია. კოლეგები ჩვენი ოპოზიციური პარტიებიდან ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს შეთანხმების აღსრულება, მაგრამ ჩვენც, მეც და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც, ძალიან კარგად გვესმის, უმრავლესობა პარლამენტის შიგნით ჯერ კიდევ აქვს „ქართულ ოცნებას“ და რასაც უნდა, იმას გააკეთებს.

აქედან ვეუბნები კობახიძეს, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს. ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მას სურს. მესმის რომ მას ოპოზიციის ეშინია, მესმის, რომ მას სიამოვნებას არ ანიჭებს ის, რომ მე მომეცა შესაძლებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან აქტიურად და მჭიდროდ ვიყო ამომრჩეველთან ურთიერთობაში და ველზე ვაკეთებდე პოლიტიკას, მაგრამ მას მოუწევს ამის ატანა, მოუწევს ვიდრე ხელისუფლებაშია და მერე, როცა ოპოზიციაში გადმოვა, თუ აქვს თავი, რომ გაიტანოს ის ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც სურს, აბა გაიტანოს. მე თქვენ გეუბნებით პრინციპული, ვაჟკაცი პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი, რომ ბაქიბუქობს ახლა აქ და მერე „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებაში მყოფ მედიის წარმომადგენლებს კითხვას რომ აბარებს ჩემთან, ჩემი პასუხი ცნობილია. ბატონო კობახიძე, ისე არ მოხდეს ხვალ და ზეგ ეს ყველაფერი სხვაგვარად გადათარგმნოს მედიასთან. ხომ აპირებს ისეთი ჩანაწერის გაკეთებას ამნისტიის კანონპროექტში, სადაც ჩემი თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი? ჩემი პასუხი ხომ იცის? თუ არის პრინციპული ღირებულებების მატარებელი, აბა მიდი, აბა რას გააკეთებს, ძალიან კარგად ვაკვირდები და მექნება შესაძლებლობა, მივიღო ინფორმაცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას განცხადებით, ის არასოდეს დაუჭერს მხარს ისეთ კანონპროექტს, რომელიც 20 ივნისის მოვლენების ყველა დამნაშავეზე გავრცელდება.

„ქართული ოცნება“ 24 საათის განმავლობაში საუბრობს, რომ ჩვენ გვინდა ამნისტიის შესახებ კანონპროექტში გავაჩინოთ ჩანაწერი, სადაც ნიკა მელიას თანხმობა იქნება აუცილებელი, რომ მასზე გავრცელდეს ამნისტია. ძალიან ბევრჯერ მოისმინეს უკვე ჩემი პოზიცია, რომ ვერ ეღირსებიან ჩემს თანხმობას იმიტომ, რომ მე არასოდეს დავუჭერ მხარს იმ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც ვრცელდება ყველა დამნაშავეზე. ამიტომ შეწყვიტონ კომენტარების კეთება, შეწყვიტონ ღელვა და შფოთვა და თუ უნდათ მიიღონ ის კანონპროექტი, რომელზეც საუბრობენ.

დარწმუნებული ვარ კობახიძე ნერვიულობს, ბიძინა ივანიშვილი ნერვიულობს იმიტომ, რომ მათ ამ სახით თუ მიიღეს ამნისტიის კანონპროექტი, კვლავ მოუწევთ ორი, სამი და ოთხი ათასი სპეცრაზმელის მოგზავნა „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. ერთი – ამ სისულელის ჩადენა მეორეჯერ მოუწევთ და მეორე – მოუწევთ მთელი დასავლური ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ წასვლა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, მასზეც გავრცელდეს.