ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, მასზეც გავრცელდეს, თუ მას არ სურს ამნისტია, ვერავინ აიძულებს
ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, მასზეც გავრცელდეს, თუ მას არ სურს ამნისტია, ვერავინ აიძულებს

ჩვენ არსებული სახით მივიღებთ კანონპროექტს პირველი მოსმენით, ამის შემდეგ ორი კვირა იქნება იმისთვის, რომ დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს. შეიძლება, გარკვეული კორექტირება შევიდეს კანონპროექტში, თუმცა ეს ყველაფერი კონსულტაციებზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ უცნობია, რა ცვლილებები შევა კანონპროექტში.

„ნიკა მელია ამბობს, რომ მას არ სურს, ამნისტიის მასზე გავრცელება. პრაქტიკულად, ოპოზიცია მიდის მელიას სურვილის წინააღმდეგ. ჩვენ ავსახეთ მელიას სურვილი კანონპროექტში, კერძოდ, თუ უარზეა შესაბამისი პირი, ამნისტია მასზე არ ვრცელდება. თუ მელიას არ სურს ამნისტია, ვერავინ აიძულებს, კანონი მიიღოს და მასზე გავრცელდეს. მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, მასზეც გავრცელდეს. რესურსი არის, რომ ერთიანი კანონპროექტი იყოს, ამას მეორე მოსმენა გვაჩვენებს“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილება იმ შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ინიციატივით გაიმართა და მას ოპოზიცია დაესწრო. მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა 27 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც, კანონპროექტი სხდომაზე გავა.