ნიკა მელია - პოლიტიკოსებზე თავდასხმა პირველად არ ხდება, ეს არის შურისძიება კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ, კრიმინალური რეჟიმი ივანიშვილის სახით მართვის სადავეებს უნდა ჩამოშორდეს
პოლიტიკოსებზე თავდასხმა პირველად არ ხდება, ეს არის შურისძიება კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ. ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმი მართვის სადავეებს უნდა ჩამოშორდეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან განხორციელებული ქმედება ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ დასაგმობია.
„პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმა პირველად არ ხდება, თან ვისი მხრიდან? აორგანიზებენ, მიუქსევენ ადამიანებს გამოწყობილებს, გამოპრანჭულებს. ახლა თავად ძალადობენ, იგივე რაც მოხდა დუბაიში, რაც მოხდა გუშინ ბათუმში. თვითონ „ქართული ოცნების“ დასაყრდენია ე.წ დეპუტატები, ვიღაცა მარგველიძე, სამხარაძე. ეს არის შურისძიება, შურისძიება კონკრეტულად გახარიას წინააღმდეგ. გახარიასთან ვერასდროს ვთანხმდებოდი და, სავარაუდოდ, ვერაფერზე შევთანხმდებით მომავალში. თუმცა ერთ რამეზე ვთანხმდებით, მომავალში საკითხებზე რომ ვერ შევთანხმდეთ, ჯერ ეს მომავალი უნდა მოვიპოვოთ. ნებისმიერი კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან განხორციელებული ქმედება ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ დასაგმობია და, რა თქმა უნდა, ვგმობთ. აბა, ვნახოთ თუ დააკავებენ სამხარაძეს, რომელიც არის სულის ჩამდგმელი დარბევების და ზონდერების ორგანიზატორია. ერთი სიტყვით, კრიმინალური რეჟიმი ივანიშვილის სახით უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს, ეს სჭირდება თქვენს მომავალს, ჩვენს მომავალს, ამ ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.