ნიკა მელია პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე - აბა რას ელოდებიან ჩემგან
ნიკა მელია პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე - აბა რას ელოდებიან ჩემგან

დღესაც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში – რას აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გუშინ კვირიკაშვილი ჩემ კრიტიკულ კითხვებს არ პასუხობდა. კრიტიკულია კითხვა ადამიანის გატაცებაზე, კრიტიკულია, როდესაც ადამიანი ნაცემია საკუთარ სახლთან, მაშინ, როდესაც მინი ომი მოაწყვეს ტერორისტებმა. კითხვას უსვამ ადამიანს, როგორ მოხდა ეს და არც ერთ კითხვას პასუხს არ სცემს. ბუნებრივია, ეს არის უნამუსობა და უპასუხისმგებლობა. მოვუწოდებ მთავრობას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამე მაინც გააკეთოს ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საუბარი მათთვის მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, მაინც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში – რა აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ

მელიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ახალი მოცემულობა, როდესაც კრიტიკული კითხვები პროვოკაციად ითვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა.

„ქართულმა ოცნებამ“, პრემიერმა კვირკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა ახალი მოცემულობა შექმნა და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. მე მაპატიეთ, მაგრამ აბა რას ელოდებიან ჩემგან, ან სხვა ოპოზიციონერებისგან? ქებას დავუწყებთ მაშინ, როდესაც ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, როდესაც ვერ სთავაზობენ განვითარების ვერანაირ გეგმას, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაძვირდა 50%-ით, შიმშილობს მოსახლეობის უმეტესობა, შემოსავალი და პენსია იგივე დარჩა, როდესაც ადამიანებს ვალის გამო ქონება დაუყადაღდათ და იმედიც არ აქვთ, როცა ახალგაზრდობა ცდილობს ქვეყნიდან თავის დაღწევას და ბევრი სხვა? რას ელოდება, რომ დითირამბებით გუნდრუკის ქნევას დავუწყებ? ბუნებრივია, არ მაინტერესებს მოქალაქე გიორგი კვირიკაშვილი, მე მაინტერესებს რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. რა გეგმა აქვს, რას გულისხმობს მისი ოთხი პუნქტი? ყველაფერზე საუბრობს ამ გეგმაში, გარდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა. ეს მთავრობა არის საშოვარზე მოსული ხელისუფლება, რომელმაც რეალურად ქვეყანა გააღატაკა. ამას არ სჭირდება პარლამენტარის კომენტარი და მწვავე კითხვა ქუჩებში ჩანს. იქითკენ მიჰყავთ ახლა საქმე, მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა პრემიერმა კვირიკაშვილმა“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, ახალი მთავრობის წევრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.