ნიკა მელია - ნაცვლად იმისა, რომ მკვლელებს იჭერდნენ, იტაცებენ ხალხს, ვინც გვერდით უდგას მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს
ნიკა მელია - ნაცვლად იმისა, რომ მკვლელებს იჭერდნენ, იტაცებენ ხალხს, ვინც გვერდით უდგას მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს

ნაცვლად იმისა, რომ მკვლელებს იჭერდნენ და ასამართლებდნენ, იტაცებენ ხალხს, ვინც გვერდით უდგას მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტებს დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განუცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირიდან ის კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროში წაიყვანეს.

„შსს-ს ეზოში ვიყავი, მანქანა მანქანაზე შემოჰყავდათ, ყველა დაკავებული საპატრულო პოლიციის სხვადასხვა მანქანაში გადანაწილებული, ხელბორკილ დადებული. ერთადერთი ადამიანი, ვინც გამომიშვეს, ვიყავი მე, თურმე გაარკვიეს, რომ დეპუტატი ვიყავი.

ნაცვლად იმისა, რომ მკვლელებს იჭერდნენ და ასამართლებდნენ, იტაცებენ იმ ხალხს, ვინც გვერდით უდგას მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძე. ეს ხელისუფლება არა მარტო ულმობელი და დანაშაულებრივია, ყველაფერთან ერთად, სულელები არიან“, – განაცხადა მელიამ.

დაპირისპირება პარლამენტის წინ დღეს მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირებისას დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის დეპუტატი ნიკა მელია. ინციდენტის შემდეგ ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც განაცხადეს, რომ დეპუტატი ნიკა მელია არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, ასევე არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს და პოლიციამ მისი სამართალდარღვევა ადგილზე აღკვეთა.