ნიკა მელია -  თუ მართლა მშვიდობიანად შემოვა ხალხი ოდესმე პარლამენტში, ეს მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ
ნიკა მელია - თუ მართლა მშვიდობიანად შემოვა ხალხი ოდესმე პარლამენტში, ეს მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ

საკონსტიტუციო ინიციატივას „ქართული ოცნების” უმრავლესობის უმრავლესობამ თუ მხარი არ დაუჭირა, ვფიქრობ, სალაპარაკო ნაკლები, სამოქმედო იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მელიას თქმით, თუ მმართველი გუნდი ცვლილებებს ჩააგდებს, ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია გარდაუვალია.

„მოქმედებისთვის ძალ-ღონეს არავინ დაიშურებს და ეჭვი არ მეპარება, რომ დემოკრატიული ტალღა წალეკავს ამ ხელისუფლებას და წლის ბოლომდე ვერ გასტანენ მართვის სადავეებთან. მხარის არდაჭერა იქნება თვალში ნაცრის შეყრაც არა, სულში შეურაცხყოფა საქართველოს ნებისიერი მოქალაქის, რომელსაც დაპირდნენ და უთხრეს, რომ 2020 წელს არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით და ეს უთხრეს არა იმიტომ, რომ მათ სურდათ, არამედ იძულებულბი გახდნენ, ვინაიდან ისინი აიძულა თვალდაკარგულმა ახალგაზრდებმა, დაშავებულმა ადამიანებმა. იმედს ვიტოვებ, რომ ვერ გაბედავენ დაპირების უკან წაღებას. ხელისუფლებას უდიდესი სურვილი აქვს, ინიციატივა ჩააგდონ, მაგრამ აქვე აცნობიერებენ, რომ ამას ძალიან ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია მოჰყვება, რომელიც დამთავრდება ამ ხელისუფლების მარცხით. თუ მართლა მშვიდობიანად შემოვა ხალხი ოდესმე პარლამენტში, ჩაგდების შემდეგ შემოვა და მე ვიქნები ერთ-ერთი ბოლო, რომელიც შემოვა და არა  – პირველი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიას განმარტებით, დარწმუნებულია, ხალხის პროტესტის შედეგი ხელისუფლების შეცვლა იქნება.

„როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, პროტესტს ამ ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშირება მოჰყვება. ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას თავკუდმოგლეჯილი დატოვებს. წესით და რიგით უნდა ხვდებოდეს ივანიშვილი, რა სცენარით განვითარდება ქვეყანაში მოვლენები“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატების პოზიციას, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეწინააღმდეგებიან, ნიკა მელიას შეფასებით, როლები გადანაწილებულია.

„როლები არის გადანაწილებული. შესაძლებელია, „ქართული ოცნების“ ნაწილმა საერთოდ არ იცოდეს, რომ ხუნდაძესთან და სხვებთან კონტაქტი აქვს ცალკე ბიძინა ივანიშვილს. დიმიტრი ხუნდაძეს არათუ დამოუკიდებლობის რესურსი არ გააჩნია, მეტიც, ბიძინა ივანიშვილმა რომ სთხოვოს, სანამ ცოცხალია, არასდროს ჩავიდეს და ფეხი არ შედგას მცხეთაში, სადაც ის მაჟორიტარია, არ შედგამს. ასეთი ადამიანისგან დამოუკიდებლად დემარშების მოწყობა და გულზე მჯიღის ცემით მტკიცება, რომ ეს დაღუპავს ქვეყანას, არავის სჯერა. ამ ყველაფრის მოსატყუებელი კბილი ერმა და ბერმა მოიცვალა. კლიმატი შეამოწმა, თუ კი ჩააგდებს, ამას რა მოჰყვება. მოხდება ის, რაც მას ძალიან არ უნდა, ანუ ხელისუფლება ძალაუფლებას უახლოეს კვირებში დაკარგავს, თუ ამას გააკეთებს. შესაძლებელია, დღეს მხარი დაუჭირონ და მეორე მოსმენით ჩააგდონ“ ,- განაცხადა ნიკა მელიამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, ახლა კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარეობს. მაჟორიტარები პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე გუშინ დაიწყო.

მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გუშინ პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა.

დატოვე კომენტარი