ნიკა მელია - დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს რეჟიმისგან
ნიკა მელია - დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს რეჟიმისგან

დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს – რეჟიმისგან, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

„ვცდილობთ, არ დავაზარალოთ ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რადგან ამ ქვეყნის მომავალი კოალიციური მართვაა – ზუსტად ასეთი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს.

დღეს განვითარებული პროცესები, ცხადად წარმოაჩენს რეალობას – კოალიცია ცვლილებისთვის არის პასუხისმგებლობის მქონე ძალა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პასუხისმგებლობა, პირადი და გუნდური აქვს მის თითოეულ წევრს, რასაც ადასტურებს ზუგდიდის საკრებულოს წევრების განცხადება და ადასტურებს კოალიციის გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მთელი დღის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მორალური პედისტალიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მოწოდებებს, თურმე ზუგდიდის ფრაქცია „ახალი“ ოცნებასთან თანამშრომლობს, დღის ბოლოს ფაქტებმა გასცა პასუხი, ყველა კითხვასა თუ ბრალდებას.

ჯერ აღმოჩნდა რომ ჩხოროწყუში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, იგივე რუტინული საბიუჯეტო პროცესი გაიარეს, ხოლო დღის ბოლოს გაირკვა – პარტიას მიუღია დაფინანსება, ოცნებისგან.

ჩხორუწყუში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, საკითხში გარკვევის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე. ეს იმ დროს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში უარი არ თქვა რეჟიმისგან დაფინანსების მიღებაზე!

დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა.

დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს – რეჟიმისგან!“, – წერს ნიკა მელია.

ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.