ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში მის შემცვლელზე საუბარი ნაადრევია
ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში მის შემცვლელზე საუბარი ნაადრევია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, ბადრი ბასიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მელია პარლამენტში ჩაანაცვლოს, ამბობს, რომ აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია.

ნიკა მელიას თქმით, ამ საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ არაფერი განიხილება.

„ჯერჯერობით მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, რა სამართლებრივ სიურპრიზებს შემოგვთავაზებს ხელისუფლება, როგორ განმარტავენ ისინი. მიაჭერენ ხელს ისინი ბოლო-ბოლო, თუ არ მიაჭერენ, ვინ მიაჭერს ესეც საინტერესოა და შემდეგ ვისაუბროთ. ჩემს პარტიაში არაფერი განიხილება. როგორ შეიძლება განიხილებოდეს რამე ამ წუთის მდგომარეობით. ამ წუთის მდგომარეობით, ჯერჯერობით „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც უპრინციპო, ან უბრალოდ რაღაცა ფრთხილმა ხელისუფალმა თქვას უარი მორიგი სისულელის გაკეთებაზე. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს“ ,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ბადრი ბასიშვილი მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების – ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

ნიკა მელიას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ზურაბ ადეიშვილს კი ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლისა და სამი თვის ვადით, მასვე ორი წლით და სამი თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლებელია, გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდეს.