ნიკა მაჭუტაძე - ხელისუფლებას დაკარგული აქვს როგორც ადამიანური და სახელმწიფოებრივი განცდები, ასევე ელემენტარული პრაგმატული ასპექტიც, კეთილგონიერება
ნიკა მაჭუტაძე - ხელისუფლებას დაკარგული აქვს როგორც ადამიანური და სახელმწიფოებრივი განცდები, ასევე ელემენტარული პრაგმატული ასპექტიც, კეთილგონიერება

ხელისუფლებას დაკარგული აქვს არა მხოლოდ ადამიანური, სახელმწიფოებრივი განცდები და საჭიროებების შეგრძნებები, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, არამედ ელემენტარული პრაგმატული ასპექტიც – კეთილგონიერება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომელმაც რვა ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გუშინ შიმშილობა დაიწყო.

მისი თქმით, „ცხრა ოპოზიციონერი დეპუტატის პროტესტის უკიდურესი ფორმის მიზანიც ეს არის, რომ ხელისუფლებამ მკაფიოდ დაინახოს კეთილგონიერების, როგორც ინსტრუმენტის და როგორც აუცილებლობის საჭიროება“.

„პრეზიდენტის შიმშილობის დღეებს დღეები ემატება. შესაბამისად, ყოველი მომდევნო დღე არის უფრო მძიმე, ვიდრე წინა, რადგან ნებისმიერი შიმშილობის ანალიზი მსოფლიოს ისტორიაში ან თუნდაც საქართველოს ისტორიაში მომხდარი, გვაძლევს იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ 40-45 დღის შემდეგ, უკვე ძალიან და განსაკუთრებით მძიმე არის მოშიმშილეს მდგომარეობა და ის უკვე დგას უდიდესი რისკის წინაშე. ამას ადასტურებს ის გარემოებები, რომელიც უშუალოდ სააკაშვილს, მის ფიზიკურ შესაძლებლობებს ეხება და რომელიც მისმა ექიმებმა, ადვოკატებმა და ასევე, კონსილიუმმა განაცხადა. გარდა ამისა, იმ პარლამენტის წევრებმა, რომლებიც მასთან შედიან. მათ შორის მეც ვიყავი შესული და ჩემი თვალით ვნახე ის მძიმე ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც მესამე პრეზიდენტს აქვს. მთავარია ერთი ადამიანის სიცოცხლე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტი იქნება, მასწავლებელი, თუ ჟურნალისტი. სააკაშვილის შემთხვევაში, ამას ებმის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც, ვფიქრობ, თავიდანვე საჭიროა ისეთი პრევენციული ღონისძიებების ჩატარება ქართული საზოგადოების მხრიდან, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან და საერთოდ, კონსოლიდაციური ძალისხმევის თვალსაზრისით, რომელიც აგვარიდებს ძალიან დიდ უბედურებას, როგორც ერთი ადამიანის, ასევე საზოგადოებისა და სახელმწიფოს შემთხვევაში“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, გუშინ შიმშილობა დაიწყო ცხრა დეპუტატმა: აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ.