„ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს

ცხრა ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„კარგად მოგეხსენებათ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 45-ე დღეა, შიმშილობს, მას არ მიეწოდება მის ჯანმრთელობასთან ადეკვატური სამედიცინო სერვისები, ასევე შიმშილობს ჩვენი კოლეგა ელენე ხოშტარია. ამიტომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ამ ეტაპზე პარლამენტის ცხრა წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რათა მას მიეწოდოს ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები. გადაყვანილი იქნას მულტიფუნქციურ კლინიკაში იმ გადაწყვეტილების შესაბამისად, რა გადაწყვეტილებაც მიიღო მათ მიერვე შექმნილმა კონსილიუმმა, რათა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული.

ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე, დავით კირკიტაძე დღეიდან, ამ წუთიდან ვაცხადებთ შიმშილობას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ დაემუქრება საფრთხე. ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შიმშილობა მივიყვანოთ ბოლომდე. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის არაერთი წევრი და ჩვენი მეგობარი საქართველოს, თუ ქვეყნის გარეთ, შემოგვიერთდება და შიმშილობა მიიღებს უფრო ფართო მასშტაბს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.