ნიკა კვეკვესკირი - იმედია, ირლანდიასთან უსიამოვნო სტატისტიკას დუბლინში შევაჩერებთ
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა დუბლინის „ავივა სტადიონზე“ ირლანდიასთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
მატჩის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს ნიკა კვეკვესკირი შეხვდა. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველმა იმედი გამოთქვა, რომ მეტოქესთან დამკვიდრებული არასასიამოვნო ტრადიციის დარღვევას 26 მარტის შეხვედრაში შეძლებენ.
„ჩვენს თავმოყვარეობაზე ის ფაქტი მოქმედებს, რომ შვეიცარიასთან მეორე ტაიმი ჩავაგდეთ. ამაზე ბიჭებმა ვილაპარაკეთ და ორი აზრი არ არის, რომ გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია გვჭირდება. ჩვენ ირლანდიასთან სტატისტიკა არ გვივარგა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა სტატისტიკა წყდება და იმედია, ეს ხვალ დუბლინში მოხდება“, – ამბობს ნიკა კვეკვესკირი.
არსებობის ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში, ირლანდიას რვაჯერ შეხვდა, მაგრამ ერთხელაც ვერ მოიგო, ფრედ კი მხოლოდ ერთხელ ითამაშა.
ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს 26 მარტს „ავივა სტადიონზე“ შეხვდებიან. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 23:45 საათიდან შემოგთავაზებთ.