ნიკა კვეკვესკირი - ცეცხლი გვიკიდია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო სიხარულისგან დაინგრეს
ნიკა კვეკვესკირი - ცეცხლი გვიკიდია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო სიხარულისგან დაინგრეს

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდების ისტორიულ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციას ნაკრების მოთამაშე ნიკა კვეკვესკირიც ესწრებოდა, რომელმაც ემოციური კომენტარები გააკეთა.

„ეს ოცნების თამაშია! ყველა მოწადინებულები ვართ, რომ გავიმარჯვოთ და ხალხი გავახაროთ. კვარაცხელიასა და შენგელიას ამბავი ადრე გავიგეთ. საწყენია, შენი მეგობრის აცრემლებულ თვალებს რომ უყურებ, რომელიც ოცნების თამაშს კორონავირუსის გამო ტოვებს, მაგრამ ტრაგედიას არ ვქმნით, რადგან ველოდით, რომ ასეთი დანაკლისები იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს შეტევით პოტენციალს ამცირებს, მაგრამ მჯერა, რომ სწორი თამაშით და თავდადებით ჩვენს შედეგს მივაღწევთ“, – ამბობს კვეკვესკირი.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სამწუხარო დანაკლისის შევსება შესაძლებელია: „კარგი მოთამაშეების დანაკლისი ცუდია, მაგრამ საქართველოს ნაკრები გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს. ვლადიმერ ვაისის ფორმაციის გუნდს გუნდურობა ახასიათებს და ეს არის ჩვენი პლუსი. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ გვაკლია ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, ანანიძე, მჭედლიძე, რომლებმაც აქამდე მოსვლაში დიდი როლი ითამაშეს“.

კვეკვესკირმა გულშემატკივრებსაც მიმართა: „გულშემატკივარს ხვალ უნდა დავუმტკიცოთ და ვაჩვენოთ ის ჟინი და ცეცხლი, რაც არის – ფეხბურთელებს ცეცხლი გვიკიდია. მაგრამ თამაში რომ იწყება, ეს ნერვიულობა ქრება. ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო სიხარულით დაინგრეს“.