ნიკა კაჭარავა პოლონეთში ჩაფრინდა - პოზნანის „ლეხმა“ ქართველი მეორე ცდაზე დაითანხმა
ნიკა კაჭარავა პოლონეთში ჩაფრინდა - პოზნანის „ლეხმა“ ქართველი მეორე ცდაზე დაითანხმა

დღეს დილით ნიკა კაჭარავა პოლონეთში ჩაფრინდა, სადაც პოზნანის „ლეხთან“ კონტრაქტს გააფორმებს – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხთან მოთამაშის მამამ, „სამტერდიას“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ილაპარაკა.

„ნიკა უკვე პოზნანშია და „ლეხში“ სამედიცინო შემოწმებებს და კოვიდზე ტესტირებას გაივლის. ზუსტად არ ვიცით, კორონაპანდემიის გამო რა რეგულაციებია – ჩვეულებრივი კატანტინს გაივლის თუ ხანმოკლეს. ამის შემდეგ კი გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს“, – ამბობს კახა კაჭარავა.

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ 26 წლის თავდამსხმელის ტრანსფერის შესახებ ფამაგუსტას „ანორთოსისი“ და პოზნანის „ლეხი“ შეთანხმდნენ – 26 წლის ფეხბურთელის 2020-21 წლების სეზონში პოლონურ კლუბში იჯარით ითამაშებს, მომავალ ზაფხულში კი პოლონური გუნდი მოთამაშის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებას მიიღებს. „ლეხი“ მიმდინარე საფეხბურთო სეზონში საიჯარო კონტრაქტის თანხას, 250 000 ევროს გადაიხდის, ხოლო თუ 2021 წლის ზაფხულში მოისურვებს, კაჭარავას ტრანსფერს წინასწარ შეთანხმებული თანხის საფასურად, 250 000 ევროდ გადაიფორმებს.

ამგვარად, ქართველი ფორვარდი პოლონეთის ჩემპიონატში დაბრუნდება, სადაც კელჩეს „კორონაში“ 2017-18 წლების სეზონში თამაშობდა. საინტერესოა, რომ 2018 წელს, ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ ერთად, მას პოზნანის „ლეხიც“ იწვევდა, მაგრამ კაჭარავამ კვიპროსში, თემურ ქებაიასთან თამაში ამჯობინა. შეგახსენებთ, რომ ნიკა კაჭარავა სექტემბერში საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა და ესტონეთთან „ჯვაროსნებმა“ მისი გოლით გაიმარჯვეს.