ნიკა გვარამია - ზუსტად ვიცოდი, დღეს მოსამართლის თვითაცილება მოხდებოდა, ისიც ვიცი, ვის კაბინეტში დაიგეგმა გადაწყვეტილება
ნიკა გვარამია - ზუსტად ვიცოდი, დღეს მოსამართლის თვითაცილება მოხდებოდა, ისიც ვიცი, ვის კაბინეტში დაიგეგმა გადაწყვეტილება

საქმე გვაქვს დამნაშავე სასამართლო სისტემასთან, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, მას მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უთქვამს.

„არაადეკვატურ კი არა, დამნაშავე სასამართლო სისტემასთან გვაქვს საქმე. დღევანდელი გადაწყვეტილება ზუსტად ვიცოდი. ვიცოდი, რომ თვითაცილება დღეს მოხდებოდა, ისიც ვიცი, რომელ კაბინეტში, ვის მიერ დაიგეგმა. ისიც ვიცი, რატომ გამოიტანეს  სასამართლო პროცესებზე ჩემი დაბრუნების გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო. ყველაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაში. არც ყოველდღე ჩანიშნული პროცესები და მთავარი მედიადირექტორებისა და ოპოზიციონერების დაჭერა გამოვა. ჩვენ მარტო არ ვართ დატოვებული სახლში გიჟებივით.

სიტყვა არაადეკვატური არის სალიტერატურო სიტყვა. ეს არის ძალიან დაბალგრადუსიანი შეფასება. ამაზე ასჯერ უარესის შეფასების უფლებას მივცემ ჩემს თავს. მე არ მიხმარია არც სამასოიანი სიტყვა, არც ხუთიანი და არც ოცდაშვიდიანი. ვთქვი სალიტერატურო ქართულით შეფასება. ეს მოსამართლე პროცესზე არაადეკვატური ნამდვილად იყო. რას ნიშნავს, ამის თქმის უფლება არ მაქვს? პატიმრობის მუქარა კი არა, 40-წლიანი პატიმრობა მემუქრება წარდგენილი მუხლებით და ისიც კი ფეხებზე მკიდია. რაში მაინტერესებს დროებითი პატიმრობა. მან ეს გადაიყვანა პირად ურთიერთობაში იმიტომ, რომ საქმე აეცილებინა. ჩვენ მაინც ვაპირებდით მოსამართლის აცილების მოთხოვნას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

დღევანდელ პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო, მანამდე კი, გვარამია 500 ლარით დააჯარიმა.

გამოძიების ინფორმაციით, ნიკა გვარამიას ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, აგრეთვე, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში. ასევე, საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.