მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო, მანამდე კი, გვარამია 500 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო, მანამდე კი, გვარამია 500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის თვითაცილების გადაწყვეტილება მიიღო, მანამდე კი, გვარამია 500 ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას რამდენიმე დღის წინ, მის მიმართ ბრიფინგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო განმარტება მოსთხოვა. ასევე განმარტება მოსთხოვა გვარამიას „ფეისბუქზე“ დაწერილი სტატუსის გამო.

ნიკა გვარამიამ მოსამართლე უთხრა, რომ არ აპირებს, ანგარიში ჩააბაროს, რადგან გამოხატვის თავისუფლება აქვს.

მოსამართლემ იკითხა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება თუ არა ის სიტყვები, რაც მოსამართლის მისამართით ითქვა, „ნაძირალა“, „მთვრალი“ და ა.შ.

„არაფერზე ბოდიშს არ ვიხდი, სიტყვა ნაბიჭვრები და ნაძირლები ვიხმარე „ფეისბუქპოსტში“ სისტემის მიმართ. ეს სიტყვები ეხება ყველას, ვინც ჩემს საქმეს აყალბებს. თუ თქვენ თავს ამოიკითხავთ, თქვენი საქმეა“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, მას არ უთქვამს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო მოსამართლე. გვარამიას თქმით, შეიძლება, მოსამართლე წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას მიმართა, რომ მისი ქმედებები სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა.

„თქვენ თქვენი ეთერით როგორც ჩანს, აპირებთ ამის გაგრძელებას. აპელაციამ გააუქმა ჩემი გადაწყვეტილება თქვენს გაძევებასთან დაკავშირებით. ახლა მე პასუხი უნდა გაგებინოთ იმაზე, რაც აქედან გასვლის შემდეგ ჩაიდინეთ. სამსახური გამოიყენეთ ბოროტად“, – განაცხადა გიორგი არევაძემ.

მოსამართლემ ამის შემდეგ გვარამიას სანქციები გააცნო. გიორგი არევაძის თქმით, უმჯობესი იქნებოდა გვარამიას დაკავების გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა ასეთ შემთხვევაში ის წამებულის მანტიას მოირგებდა.

საბოლოოდ, გიორგი არევაძემ სასამართლოს შეურაცხყოფისთვის გვარამიას 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შემდეგ კი განაცხადა, რომ თვითაცილების გადაწყვეტილებას იღებს და ამ საქმის განხილვა სხვა მოსამართლეს დაეწერება.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, თვითაცილების შემდეგ სასამართლოს თავმჯდომარე იმსჯელებს, რომელ მოსამართლეს დაეწერება საქმე.

„სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა დაცვის მხარე, კერძოდ სამი ადვოკატი, რის გამოც ვერ მოვისმინეთ შესავალი სიტყვები. ამის შემდგომ მოსამართლემ სასამართლოსა და მოსამართლის შეურაცხყოფისათვის დააჯარიმა ბრალდებული ნიკა გვარამია, რის შემდეგაც მოსამართლემ გააკეთა თვითაცილება. ამის შემდგომ სასამართლოს თავმჯდომარე იმსჯელებს, თუ რომელი მოსამართლე განიხილავს ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს. დაგვიკავშირდებიან, გაიწერება ისევ გრაფიკი და განვაგრძობთ მტკიცებულებების გამოკვლევას.

მე მოსამართლის ქმედებაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ. ამაზე იმსჯელებს სასამართლოს თავმჯდომარე. ჩემს პირად პრაქტიკაში არ ყოფილა, რომ თვითაცილება განეცხადებინოს მოსამართლეს“, – განაცხადა პროკურორმა.

დატოვე კომენტარი