ნიკა გვარამია – რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა – სხვა

15:40, 29.06.2026

ეკონომიკურ ურთიერთობებს წინ არაფერი უდგას. ეს ბევრჯერ მითქვამს. რუსეთთან თუ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები, ცხადია, შეიძლება ჩინეთთან და ირანთანაც, მაგრამ ეკონომიკური ურთიერთობები ერთია და სტრატეგიული მოკავშირეობა – სხვა, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიამ უპასუხა კითხვას: „სახელმწიფოს, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის, უნდა ჰქონდეს თუ არა ირანთან მჭიდრო კავშირი?“

„შეუძლებელია, საქართველოს ირანთან ჰქონდეს სტრატეგიული მოკავშირეობა. ეს ვერ წარმომიდგენია. სამხედრო სფეროში, უშიშროების სფეროში, ტერიტორიაზე ირანული ინფილტრანტების გატარების სფეროში როგორ შეიძლება ურთიერთობა ირანთან, რომელიც ვნახეთ, რას აკეთებდა რამდენიმე თვის წინ და ზოგადადაც რას აკეთებს“, – აღნიშნა გვარამიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, როგორ შეაფასებდა სომხეთში ირანის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, გვარამიას თქმით, სომხეთისა და ირანის ურთიერთობას ისტორიული ფესვები აქვს.

„სომხეთი ევროკავშირისკენ ისწრაფვის თუ არა, ჯერ ამის შესახებ უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება. ჩვენ ვიცით, რომ ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია, მაგრამ სომხეთისა და ირანის ურთიერთობას აქვს ისტორიული ფესვები. ძალიან დიდი ხანია უკვე, რომ სომხეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, რუსეთთან ერთად, არის ირანი. ეს კარგი ცხოვრებისგან არ ხდება, მათ შორის, გეოგრაფიის ბრალია. თუმცა საქართველო ნამდვილად ვერ იდგება იმავე პოზიციაზე. ისტორიულ წინაპირობებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ დღევანდელ დღეს საქართველო არის ევროპული ორიენტაციის და ბევრად უფრო ევროპული ქვეყანა. კვლავ ვიტყვი, არ მიხარია ჩვენი მეგობარი სომხების ამ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ამას, სამწუხაროდ, თავისი ისტორიული და გეოპოლიტიკური წინაპირობები ჰქონდა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი