ნიკა გვარამია „იფსოსს“ შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „მთავარი არხი“ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს
ნიკა გვარამია „იფსოსს“ შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „მთავარი არხი“ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია „იფსოსთან“ დაკავშირებით პოზიციას ფეისბუქზე ავრცელებს. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, წყვეტს პარტნიორობას კომპანია „იფსოსთან“ და ის აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს „მთავარი არხის“ სახელით.

ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „მთავარი არხი“ მოახდენს ყველა პარტნიორი ტელევიზიის, საერთაშორისო მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის შიგნით „იფსოსის“ მომსახურებით მოსარგებლე კერძო კომპანიების ინფორმირებას „იფსოსის“ არასაიმედოობის, არაკეთილსინდისიერებისა და კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვან ეჭვს ბადებს და სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია მთავარი პარტნიორი კომპანიის პოზიციის თაობაზე ინფორმაციას იღებს „ქართული ოცნების“ ბრიფინგიდან.

„რუსული ყაიდის ოლიგარქიულ ქვეყანაში, რთული არაა იმის წარმოდგენა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ გამოვთქვამთ საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. ბოლო საათებში ჩვენ ინტენსიურად ვიკვლევდით ამ საკითხს და მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავადგინეთ პირი, რომელიც მთავარი ფიგურანტია ამ სიყალბეში და ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია კონკრეტული მიზეზიც, რამაც განაპირობა ეს არაკეთიოსინდისიერი ქმედება.

„მთავარი არხი“ მიიჩნევს, რომ ამ მკაფიოდ არაპარტნიორული და უკიდურესად საეჭვო საქციელით, კომპანია „იფსოსმა “მოახდინა საკუთარი თავის აღუდგენელი დისკრედიტაცია. რეპუტაციაშელახული კომპანია კი ვეღარ იქნება ჩვენთვის სანდო და საიმედო პარტნიორი. მით უფრო, ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნების დროს და, მით უფრო, როცა ვსაუბრობთ ეგზიტპოლზე.

ბოდიშს ვუხდით „იფსოსის“ ყველა კეთილსინდისიერ და უაღრესად კომპეტენტურ თანამშრომლებს, ვისთანაც თანამშრომლობა ჩვენთვის დიდი პატივი და უკიდურესად ეფექტიანი იყო. თუმცა, ვწუხვართ, რომ მათ ვერ შეძლეს ამ ტიპის ქმედებების შეჩერება და, მათ შორის, საკუთარი კომპანიის რეპუტაციის დაცვა არაკეთილსინდისიერი პირებისგან.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვწყვეტთ პარტნიორობას კომპანია „იფსოსთან“ და ის აღარ ჩაატარებს ეგზიტპოლს მთავარი არხის სახელით.

სამწუხაროდ, ვაცნობიერებთ, რომ ეს სიყალბე სწორედ იმიტომაა ჩადენილი, რომ ჩვენი ეგზიტპოლი ჩაშლილიყო და აღარ არსებობდეს გაყალბების პრევენციის მთავარი მექანიზმი.

სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია 2 დღეში ახალი მკვლევარი ორგანიზაციის დაკონტრაქტება. ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია და სწორედ ამ მიზეზით მივიღეთ დივერსია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. მიუხედავად ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ „იფსოსის“ ამგვარმა მოქმედებამ საფრთხის წინაშე დააყენა ქართული დემოკრატია, ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რათა ხვალ, არჩევნებზე, მაინც შევძლოთ ეგზიტპოლის ჩატარება.

„მთავარი არხი“ აცხადებს, რომ კომპანია „იფსოსის“ ამგვარი არაკეთილსინდისიერი და არაპარტნიორული ქმედებები გასაჩივრდება კონტრაქტით დადგენილი საარბიტრაჟო წესით, სადაც ჩვენ არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას მოვითხოვთ, არამედ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.

„მთავარი არხი“ ასევე მიმართავს შესაბამისი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებს, მისი კონკრეტული მოქალაქის ქმედებებში შესაძლო კორუფციული დანაშაულის ნიშნების მოკვლევის დაწყების თაობაზე და ასევე მის ტერიტორიაზე ჩადენილ კორუფციულ გარიგებაში საქართველოს მოქალაქის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.

„მთავარი არხი“ ასევე მოახდენს ყველა პარტნიორი ტელევიზიის, საერთაშორისო მედია და უფლებადაცვითი ორგანიზაციების, ასევე ქვეყნის შიგნით „იფსოსის“ მომსახურებით მოსარგებლე კერძო კომპანიების ინფორმირებას „იფსოსის“ არასაიმედოობის, არაკეთილსინდისიერებისა და კორუფციულ გარიგებებში სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გუშინ ჩაატარა ბრიფინგი, რომელზეც აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და კომპანია „იფსოსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემები ზუგდიდში მერის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა.

„ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გამოქვეყნდა „მთავარ არხზე“, სადაც ზუგდიდში ანზორ მელიასთან დაკავშირებით იყო მაღალი პროცენტი, ხოლო მამუკა წოწერიასთან დაკავშირებით ნაკლები პროცენტი, დოკუმენტში, რომელიც დევს „იფსოსის“ საიტზე, წერია მაღალი პროცენტი მამუკა წოწორიას შემთხვევაში და უფრო ნაკლები ანზორ მელიას შემთხვევაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.