შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „იფსოსის“ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კი, არასწორი მონაცემები გაავრცელა 
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „იფსოსის“ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კი, არასწორი მონაცემები გაავრცელა 

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და კომპანია „იფსოსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემები ზუგდიდში მერის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ერთმანეთს არ ემთხვევა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „მთავარი არხის“ მიერ „იფსოსის“ კვლევებით ანზორ მელიასთვის მაღალი პროცენტის დაწერა, მიუთითებს, რომ ამ კვლევებით მანიპულირება ხდება.

„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკანდალის შესახებ, რომელშიც გაეხვა „ნაციონალურ მოძრაობა“, „მთავარი არხი“ და კომპანია „იფსოსი“. როგორც იცით, გუშინ „მთავარ არხზე“ გამოქვეყნდა „იფსოსის“ კვლევის შედეგები, ეს შედეგები ასევე დაიდო „იფსოსის“ ვებგვერდზე. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ამას ფაქტებიც ადასტურებენ, რომ ეს კვლევები იყო მანიპულირებული, რადგან დიდი აცდენა იყო ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ვნახეთ, პირდაპირ როგორ ვერ დაიმალა ამ მანიპულაციის კვალი. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ, რომ ნაცვლად იმ მონაცემებისა, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ „მთავარ არხზე“, სადაც ზუგდიდში ანზორ მელიასთან დაკავშირებით იყო მაღალი პროცენტი, ხოლო მამუკა წოწერიასთან დაკავშირებით ნაკლები პროცენტი, დოკუმენტში, რომელიც დევს „იფსოსის“ საიტზე, წერია მაღალი პროცენტი მამუკა წოწორიას შემთხვევაში და უფრო ნაკლები ანზორ მელიას შემთხვევაში.

საინტერესოა, რომ სხვა მონაცემები, თითქოს იგივე არის, მაგრამ როგორც ჩანს, თავად ეს დოკუმენტი მანიპულირებული იყო და ჩარჩა შიგნით ძველი მონაცემები, რომელიც ნამდვილ მონაცემს შეეფერება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ხდება წინასაარჩევნო კვლევებით მანიპულირება. ამ შემთხვევაში, ეს მანიპულაცია დოკუმენტში ვერ წაიშალა და კვალი დარჩა, თითქმის 5-6 პროცენტი არის მანიპულაცია გაკეთებული ზუგდიდში, მაშინ, როდესაც რეალური შედეგის მიხედვით, იგებს „ქართული ოცნება“ და მამუკა წოწერია, გადაკეთებული და მანიპულირებული შედეგით გაცხადდა ისე, თითქოს არჩევნებს იგებს ანზორ მელია. ეს როგორც მტკიცებულება დევს ვებსაიტზე და შეგიძლიათ, ნახოთ“, – განახცადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი