ნიკა გვარამია - ხელისუფლებამ ვერ აიტანა პუტინის უხამსად მოხსენიება და ბრბო მოგვიგზვნა, ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა
ნიკა გვარამია - ხელისუფლებამ ვერ აიტანა პუტინის უხამსად მოხსენიება და ბრბო მოგვიგზვნა, ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა

საქართველოს ხელისუფლების ყველა უწყებამ, პრეზიდენტიდან დაწყებული პარლამენტის რიგითი წევრით დამთავრებული, დაიწყო პუტინთან ბოდიშების ხდა და ბრბო მოგვიგზვნა, რომ გაბუნიას თავი გადავაგდოთ, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიტანა ეთერში პუტინის უხამსად მოხსენიება. დავანებოთ თავი იმ ფორმას. ამაზე უკვე გაავრცელა თავისი დამოკიდებულება, რომ ეს მიუღებელი ფორმა იყო, თუმცა სრული მონური მორჩილებით საქართველოს ხელისუფლების ყველა უწყებამ, პრეზიდენტიდან დაწყებული პარლამენტის რიგითი წევრით დამთავრებული, დაიწყო პუტინთან ბოდიშების ხდა და ბრბო მოგვიგზვნა, რომ გაბუნიას თავი გადავაგდოთ. პირველ რიგში, ვიძლევი განკარგულებას, რომ მოიხსნას ყველა ჯგუფი პირდაპირი გაშუქებიდან; მეორე – „რუსთავი 2“, რა შეცდომაც არ უნდა დაეშვა გიორგი გაბუნიას, რა სიმძიმის შეცდომაც არ უნდა დაეშვა გიორგი გაბუნიას, არავითარ შემთხვევაში და არც ერთ ვითარებაში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი სახის პროდასავლელი და ძალიან დამსახურებული, ვფიქრობ, ქვეყნის ყველაზე უფრო მეტად, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ჟურნალისტის თავს, აი, ამ პროპუტინისტურ ბრბოს, ცხადია, არ გადავუგდებ. არვინ არასდროს არსად არ გადადგება. ეს ბრბო არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა, ისე როგორც ხელისუფლება საქართველოში, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ პირდაპირ ტრანსლაციას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ტელეკომპანია არ განაახლებს მაუწყებლობას, ვიდრე „არხის უსაფრთხოება არ იქნება დაცული“.

ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა.