ნიკა გვარამია - გერმანიის ელჩი არის არა გერმანიის სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების” წარმომადგენელი საქართველოში
ნიკა გვარამია - გერმანიის ელჩი არის არა გერმანიის სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების” წარმომადგენელი საქართველოში

გერმანიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე, სადაც უკრაინა და მოლდოვა იმყოფებიან, ჩვენ რატომ არ ვართ, ეს რისი მანიშნებელია?,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, გაეცნო თუ არა საქართველოში გერმანიის საელჩოს განმარტებას, რატომ იყვნენ მიწვეული ბერლინში უკრაინა და მოლდოვა, საქართველო კი – არა, გვარამიამ აღნიშნა: „გერმანიის ელჩი 20 ივნისის დარბევის დროს იყო პარლამენტის შენობაში და თანამონაწილეობდა, ღიად ვამბობ ამას. იცით, რომ მახასიათებს ხისტი და სწორხაზოვანი განცხადებები, ზოგჯერ ვამლაშებ, ფორმას ვარღვევ, მაგრამ ჩემი ძლიერი მხარეც ეს არის და სუსტიც. გერმანიის ელჩი არის სრულიად სამარცხვინო და ამას მარტო მე კი არ ვამბობ, ამას ამბობს ჟურნალი „ბილდი”, უდიდესი ტაბლოიდი გერმანიაში, რომელმაც მიწაში ჩადო გერმანიის ელჩი“.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა მოუწევს საკუთარი დედაქალაქის წინაშე.

„გერმანიის ელჩს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა მოუწევს საკუთარი დედაქალაქის წინაშე, მე ამაში ვარ სრულად დარწმუნებული. ჯერ კიდევ არ გარკვეულა, რა როლი შეასრულა 20 ივნისის დარბევაში გერმანიის ელჩმა, რომელიც ერთადერთი იყო დიპლომატიური კორპუსიდან, რომელიც პარლამენტის შენობაში მოხვდა და ზემოდან უყურებდა ადამიანების თვალების დათხრას. ეს როგორ მოხდა, ხომ არ იცით შემთხვევით?და მერე განაცხადებებით გამოვიდა, რომ მე ვხედავდი ამას ყველაფერს და პარლამენტის აღებას აპირებდნენ და მიზანშეწონილი იყოო. რაზე ვლაპარაკობთ და ვისზე საერთოდ? ხო არ იცით, სად იყო ელჩად მანამდე? – რუსეთში! ხომ არ იცით, სად მუშაობს გერმანიის ელჩის ცოლი? – ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტში. ამას ინტერესთა კონფლიქტი ჰქვია, მათ შორის ვენის კონვენციით. ეს კაცი გერმანიის თავის ტკივილია და გერმანიის სირცხვილი ამ ქვეყანაში პირდაპირ გეუბნებით, ეს ასეა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.