ნიკა გვარამია – ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ
არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
გვარამიას კითხვა დაუსვეს მის მიერ 20 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც გვარამიამ განაცხადა, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.
„მე რაც ვთქვი მაშინ, იმას გავიმეორებ კვლავ და თუ ვინმემ ვერ გაიგო მმართველ გუნდში, ეჭვი მეპარება, მაგრამ შეეცადოს, რომ გაიგოს. ჩვენ არ შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოებრივი საჭიროებები დავამყაროთ სიყვარულსა და არსიყვარულს, ვინმეს მოვაწონებთ თავს თუ ვერ მოვაწონებთ, არა. ჩვენ გვაქვს ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ვერ დაველოდებით იმას, ვის ვინ შეუყვარდება, ვის ვინ შესძულდება და ა.შ. ჩვენ უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე ჩვენი მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენ კარგ და დაცულ, მდიდარ სახელმწიფოში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის სერიოზული შანსი არსებობს.
„მერწმუნეთ, ჩვენ აფხაზების გარეშე ეს შეგვიძლია, აფზაზებს ჩვენ გარეშე ეს არ შეუძლიათ. ამიტომ, ძალიან სერიოზული შანსი არსებობს ევროკავშირის ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. კიდევ ვუბრუნდები თქვენ მიერ დასმულ საკითხს – ვის ვინ შეუყვარდება, ამაზე მე როგორ გელაპარაკოთ, შევუყვარდებით ვინმეს თუ არა. ხალხს შეუყვარდება აფხაზები თუ არა?! ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსმა და სახელმწიფო ჩინოვნიკმა იმუშაოს და შედეგს მიაღწიოს. სიყვარული არ ხდება დაკვეთით და მუშაობით. თავისთავადაც აღმოცენდება ხოლმე, როცა ადამიანები მშვიდობიანად, ერთად თანაცხოვრობენ. აქამდე უნდა მივიდეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ, ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, უნდა ავიტანოთ და მოგვიწევს, რომ ავიტანოთ და იქნება ეს ქვეყანა ერთიანი, ოღონდ ბიძინას გარეშე, ისე არ გამოვა არაფერი“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.