ნიკა გვარამია – აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა
მთავარი, რაც აფხაზებს აწუხებთ – ეს არის იზოლაცია. მათ არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები და ეს ბუნებრივია, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთ იუთუბ გადაცემაში განაცხადა.
წამყვანის შეკითხვაზე, „სოხუმიდან ხართ და ვიცი თქვენი პოზიცია, რომ აფხაზეთის დაბრუნების გზად ხედავთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეკონომიკურ ზრდას და გაუმჯობესებულ პირობებს. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ეს გზა მოიყვანს აფხაზებს ჩვენამდე. რა განწყობები აქვთ, თუ გაქვთ კონტაქტი?“, გვარამიამ აღნიშნა, რომ აფხაზები და ქართველები არიან მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით.
„დარწმუნებული როგორ უნდა ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაზე მაღალი ალბათობით, ეს გზა არის სწორი. ამ განწყობებს საჯაროდ ჩვენ ვერასდროს ვნახავთ, მაგრამ მე გეტყვით, მთავარი, რაც აწუხებთ აფხაზებს – ეს არის იზოლაცია. მათ არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები და ეს ბუნებრივია. არ მოვიტყუოთ თავი და ერთმანეთსაც ნუ ვატყუებთ, რომ რაღაცა ძმები და ასე შემდეგ, არ ვფიქრობთ ჩვენ ასე და არც არის ეს ასე. ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები. მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არ ხდება, არსად არ მომხდარა. მამაჩემისგან ვისწავლე, რომ მთავარი სიქველე არის ზომიერება. ნულიდან 100 გრადუსზე ახტომაზე ვლაპარაკობთ ისევ, ამ შემთხვევაში უკვე მინუს გამყინვარების ტემპერატურიდან ღუღილის ტემპერატურამდე ასვლაზე. არ ხდება ეს ასე. მტრების თანაცხოვრება შეიძლება, საერთო ინტერესით იყოს განპირობებული. დროთა განმავლობაში შეიძლება, ეს გადაიქცეს კარგ ურთიერთობად და მერე უკვე სიყვარულად, ოღონდ თაობები რომ წავა, იქაც რომ ახალი თაობები იქნება და აქაც. რა არის ერთიანი ინტერესი, ერთიანი ინტერესი არის – საქართველოს ინტერესი გასაგებია, ყველაფერთან ერთად ტერიტორიული მთლიანობა, ეს მუდმივად იარსებებს, მაგრამ მინდა, ფურცელზე არ დარჩეს ეს ინტერესი.
ისტორიული მეხსიერების პრობლემა როცა დგება – ძაან ვერაგი რამ არის. ისტორიული მეხსიერებიდან რაღაც რომ გადის, მერე უკვე ძალიან ცოტაა შანსი, რაიმე პოზიტიური მოხდეს. ჩვენ ახლა ვერ ვგრძნობთ ამას, მაგრამ 20 წელიწადში ძალიან სერიოზული კრიზისის წინაშე ვიდგებით ამ თვალსაზრისით. 10 წლის ბავშვებს ვკითხოთ და ა.შ. მივხვდებით, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ. ნუ ვიტყუებთ თავს, არ არის ეს კარგი. ნურც იმით ვიტყუებთ თავს, რომ როგორც კი ყველაფერი დასრულდება, რუსეთი დაიშლება, უკრაინა ომში გაიმარჯვებს და აფხაზები გაიქცევიან, არ მოხდება ეს ასე. სპეცოპერაციას დავარქმევთ, თუ რას დავარქმევთ, ყველაფერი, სადაც იარაღი ჟღარუნებს, ქართველი ხალხის შეფასებით, არის ომი. თუ ვამბობთ, რომ ეს გზა მისაღებია, უნდა ვთქვათ ღიად, რომ „შეიარაღებული გზა არის ჩემი აზრით სწორი“. შეიარაღებული გზა ყოველთვის მსხვერპლია, ეს უნდა ვთქვათ. ხალხს თუ ვეუბნებით ასეთ მნიშვნელოვან თემაზე ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, მათი ჩართულობა ხომ უნდა იყოს ამგვარ გადაწყვეტილებაში, თანხმობა ხომ უნდა მოგვცენ ამ გადაწყვეტილებაზე. ეს თანხმობა იმას კი არ ნიშნავს, შენ წადი და იომე. ნიშნავს, რომ ყველას შეიძლება, ეს მოუწიოს. ეს არის საზოგადოება, რომელსაც ომი ნანახი აქვს, გადმოცემით ხომ არ ვიცით.
მგონია, რომ ევროკავშირი, რომელსაც ამბიცია აქვს ახლა და იმ დროისთვის უფრო მეტი ექნება, რომ მთავარ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტთა მოგვარების ნაწილში, რომელიც ახლა აახლებს კვიპროსის თემას. ეს გაცილებით ჩვენზე მძიმე დაპირისპირება იყო თავის დროზე. გაცილებით თუ არა, მაინც ჩვენზე მძიმე დაპირისპირება, ბერძნული და თურქული მხარის დაპირისპირება, მათ შორის ეთნიკური. არ იყო მხოლოდ ეთნიკური დაპირისპირება, იქაც თურქეთი იყო ჩარეული და აქეთ საბერძნეთი. არ იყო მხოლოდ კვიპროსის ორი მხარე.
იმის უარყოფაც არ შეიძლება, რომ ჩვენ და აფხაზებიც ვომობდით. გასაგებია, რომ რუსეთის ომია ეს, ბუნებრივია, ყველგან რუსეთის ომია, მაგრამ აფხაზებიც ომობდნენ, მარტო რუსები და ჩეჩნები არ იყვნენ. აფხაზები პრაქტიკულად მთელი ერი იბრძოდა ხო, ამიტომ გვაქვს ჩვენ ეს ურთიერთზიზღი და ურთიერთშუღლი ბუნებრივად განპირობებული. აი, ამ ყველაფრით განპირობებული, მაგრამ, მე მგონია, რომ ევროკავშირი ძალიან ამბიციურად ჩაერთვება ამაში ყველაფერში და საქართველოს გაწევრებაც გამარტივდება ამ გზით და კონფლიქტის მოგვარებაც გამარტივდება გაწევრებით. ეს ურთიერთდამხმარე ორი პროცესი იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.