ნიკა ჩიტაძე - პუტინმა გამოხატა პოზიცია, რომ სურდა ტრამპთან შეხვედრა, არ არის გამორიცხული, პუტინმა ტრამპს დახურულ კარს მიღმა შესთავაზოს გავლენის სფეროების გადანაწილება
ნიკა ჩიტაძე - პუტინმა გამოხატა პოზიცია, რომ სურდა ტრამპთან შეხვედრა, არ არის გამორიცხული, პუტინმა ტრამპს დახურულ კარს მიღმა შესთავაზოს გავლენის სფეროების გადანაწილება

ტრამპი აცხადებს, რომ მას სურს გრენლანდიის შეძენა დანიისგან, სურს კანადაზე კონტროლის დამყარება და სურს, მექსიკის ყურეს გადაერქვას სახელი, დაერქვას ამერიკის ყურე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ნიკა ჩიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარკვეული შეშფოთების საფუძველს წარმოადგენს, შეიძლება ითქვას. იმიტომ, რომ ბუნებრივია, ვთქვათ, გრენლანდია ისტორიულად ეკუთვნოდა დანიას. 1944 წელს დაკანონდა გრენლანდია, რომელიც ყველაზე დიდი კუნძულია მსოფლიოში და რომ ის არის დანიის სამფლობელო. კანადა აშშ-ს არასდროს ეკუთვნოდა. ისტორიულად, კანადა 1763 წლიდან იყო ბრიტანეთის კოლონია. შემდგომში, 1931 წელს მთლიანად ბრიტანეთმა მიანიჭა მას დამოუკიდებლობა და კანადა დღეს არის ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი, სადაც ბრიტანეთის მონარქი არის სახელმწიფოს მეთაური. ახლა არაა ლაპარაკი ომის დაწყებაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ღმერთმა დაიფაროს, ამერიკამ ეკონომიკური ზეწოლა განახორციელოს დანიაზე ან კანადაზე, ორივე ნატო-ს წევრი ქვეყანაა. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში რაღაც დაძაბულობის კერა შეიძლება შეიქმნას. ეს არის უარესი სცენარი და იმედია, ეს არ მოხდება“ – განაცხადა ჩიტაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შედგება თუ არა რუსეთისა და უკრაინის შეთანხმება, თუნდაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ჩიტაძემ თქვა, რომ ეს რთულია და მისთვის ეს ძალზედ წარმოუდგენელია.

„კი, ის აცხადებდა, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, ეს იყო რაღაც წინასაარჩევნო გათვლა. იმიტომ, რომ რიგითი ამერიკელი მაინც უფრო დაინტერესებულია, ამერიკის ეკონომიკური პრობლემები მოგვარდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა არის ზესახელმწიფო, ამერიკის მშპ დაახლოებით 29 ტრილიონი ამერიკული დოლარია და პირველ ადგილზეა“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ტრამპს ჰქონდა გათვლა, რომ დაასრულებდა ომს და, შესაბამისად, ალბათ უფრო ნაკლები თანხა იქნებოდა გამოსაყოფი უკრაინისთვის.

„არ არის გამორიცხული. იმიტომ, რომ 24 საათში, თუნდაც ერთ კვირაში თუ ორ კვირაში შეუძლებელია უცებ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება. ან, როგორ უნდა დასრულდეს? რუსეთი არასდროს დათანხმდება იმას, რომ გაიყვანოს ჯარები, თუნდაც ყირიმიდან და იმავე ლუგანსკის თუ დონეცკის ოლქიდან, ხოლო უკრაინა, რა თქმა უნდა, არ დათანხმდება ისეთი ზავის პირობებს, სადაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ჩიტაძემ.

როგორც ჩიტაძემ აღნიშნა, თვითონ პუტინმა გამოხატა პოზიცია, რომ მას სურდა ტრამპთან შეხვედრა და არ არის გამორიცხული, პუტინმა ტრამპს დახურულ კარს მიღმა შესთავაზოს გავლენის სფეროების გადანაწილება.

„ეს მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი სცენარია. თუ ტრამპმა მართლა მოახდინა ყურადღების ფოკუსირება, პირველ რიგში, ჩრდილოეთ ამერიკაზე, პუტინმა შეიძლება, შესთავაზოს, რომ კი ბატონო, მე თვალს დავხუჭავ ამერიკის ქმედებებზე კანადის ან დანიის მიმართ გრენლანდიის შემთხვევაში, თუ მექსიკის მიმართ, ვაღიარებ ამერიკის გავლენის სფეროდ ჩრდილოეთ ამერიკას, ოღონდ აშშ არ უნდა ჩაერიოს, ვთქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენებში“, – განაცხადა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, პუტინმა დაინახა სუსტი წერტილი, რომ ტრამპს სურს ჩრდილოეთ ამერიკაში თავისი გავლენის გაძლიერება.

ამასთან, ჩიტაძემ თქვა, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შედგება, მაგრამ მაინც იმედი აქვს, ტრამპის ადმინისტრაცია არ წავა რაღაც დათმობაზე უკრაინასთან მიმართებით, რადგან ამ შემთხვევაში აშშ-ის საერთაშორისო პრესტიჟი დაეცემა.

როგორც ჩიტაძემ განაცხადა, კარგია, რომ შედგა ტრამპის საუბარი სი ძინპინთან, რადგან ამერიკა-ჩინეთს შორის ურთიერთობათა დაახლოება მსოფლიოს უსაფრთხოებაზე დადებითად აისახება.