როდესაც ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მოთამაშეს ჯონ მაკინროის ჰკითხეს, ვისი მწვრთნელი იქნებოდა სიამოვნებით, მან ნიკ კირგიოსი დაასახელა. ეს ალბათ გასაკვირი არც არის. ამ ორ ჩოგბურთელს ბევრი რამ აქვს საერთო. ორივე აუტანელი ხასიათითა და სპორტსმენტათვის არადამახასიათებელი ქცევით გამოირჩევა. მიუხედავად მსგავსებისა, კირგიოსი იმდენად ცუდად იქცევა კორტზეც და მის მიღმაც, რომ თვით ლეგენდარული მაკინროის კრიტიკაც არაერთხელ დაიმსახურა. ვინ არის 24 წლის ავსტრალიელი, რომელმაც თანამედროვე ჩოგბურთში ყველაზე უარყოფითი პერსონაჟის როლი მოირგო?
კირგიოსი 1995 წელს კანბერაში დაიბადა. მამა წარმოშობით ბერძენი ჰყავს. დედა კი მალაიზიის სამეფო გვარის წარმომადგენელი, რომელმაც ტიტულზე უარი თქვა და საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა. ნიკმა ჩოგბურთის თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე კალათბურთზე დადიოდა და სპორტის ამ სახეობის სიყვარული დღემდე გამოჰყვა. უკვე პროფესიონალ მოთამაშეს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩოგბურთი საერთოდ არ უყვარს და მისი მანდვილი სიყვარული სწორედ კალათბურთია. ის „ბოსტონ სელტიკსისა“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფანია. მოსწონს ფეხბურთიც და ინგლისურ „ტოტენჰემს“ გულშემატკივრობს.
ავსტრალიელი სულ რამდენიმე და არც თუ ისე მნიშვნელოვანი, ტიტულის მფლობელია. ATP-ის რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი 2016 წელს ოქტომბერში ჰქონდა, როცა მეცამეტე პოზიციას იკავებდა. ამ ეტაპზე მსოფლიოს მეორმოცე ჩოგანია. ბევრი ამბობს, რომ მას გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია, თუმცა ამაში საშინელი ხასიათი უშლის ხელს. კირგიოსი ეჩხუბება მსაჯებს, პროვოცირებას უკეთებს მოწინააღმდეგეებს, აგინებს გულშემატკივარს, ცუდად ექცევა და დასცინის ჟურნალისტებს, კორტზე ისვრის სხვადასხვა საგანს, ამტვრევს ჩოგნებს, თამაშობს მხოლოდ მაშინ, როცა ამის განწყობაზეა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ ექსტრავაგანტული ხასიათი ბებიისგან გამოჰყვა – „ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. გარდაიცვალა, თუმცა ჩემზე დიდი კვალი დატოვა. დიდი ხუმარა გახლდათ. ვფიქრობ, იუმორის გრძნობა და უდარდელი ხასიათი მისგან მერგო.“
This birthday just didn’t feel the same without you. #missyoumoreeverysingleday #watching pic.twitter.com/6QCFVDdJl9
— Nicholas Kyrgios (@NickKyrgios) April 27, 2015
ბოლო სკანდალი, რომელიც კირგიოსს უკავშირდება, გასული წლის აგვისტოში, ცინცინატის მასტერსზე მოხდა. ავსტრალიელი კარენ ხაჩანოვს ხვდებოდა. მატჩის მსვლელობის დროს მან არაერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა მსაჯს ფერგიუს მერფის, უწოდა მას „იდიოტი“ და „ფეხებიანი კარტოფილი“. არ დაემორჩილა მერფის გადაწყვეტილებებს და დაამტვრია ორი ჩოგანი. შედეგად, 113 000 დოლარით დააჯარიმეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია მსგავსი ჯარიმების ისტორიაში და ექვსთვიანი პირობითი დისკვალიფიკაციაც მისცეს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი პატარა ეპიზოდია მის სკანდალებით სავსე კარიერაში.
2015 წლის ზაფხულშიმონრეალის მასტერსზე კირგიოსის სამიზნე სტენ ვავრინკა გახდა. თამაშის მსვლელობისას, ავსტრალიელმა შვეიცარიელის გასაგონად ასეთი რამ თქვა – „კოკინაკისი შენს მეგობარ გოგოსთან იწვა. ვწუხვარ, რომ ამას გეუბნები, მეგობარო.“ მატჩის შემდეგ ვავრინკამ ამ კომენტარს მიუღებელი უწოდა და ATP-ს მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გასახდელში ჩოგბურთელებს შორის დაძაბული საუბარიც გაიმართა. კირგიოსი დააჯარიმეს და პირობითი დისკვალიფიკაციაც მისცეს. შვეიცარიელის განცხადებით, ნიკს მისთვის ბოდიში არ მოუხდია. გულშემატკივარი ამ ფაქტმა ძალიან აღაშფოთა. კირგიოსის დედამ მაშინ სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდებიც კი გააუქმა, იმდენად დიდი იყო ქომაგთა მხრიდან წამოსული აგრესია.
კიდევ ერთი ინციდენტი, როცა ავსტრალიელს ყველა მხრიდან უყვიროდნენ, „ნიკ, გაჩერდი!“ შარშან, რომის მასტერსზე დაფიქსირდა. ნორვეგიელ კასპერ რუუდთან დაპირისპირების დროს კირგიოსი ძალიან გაღიზიანებული იყო. ის ეჩხუბა მაყურებელს, რომელიც მისი მოწოდების დროს ფეხზე წამოდგა, გატეხა ჩოგანი, მოედანზე მოისროლა პლასტმასის სკამი, შეკრა ჩანთა და კორტი დატოვა. ამ ეპიზოდის შემდეგ ავსტრალიელს ფინანსური სანქცია დააკისრეს, ჩამოართვეს 45 სარეიტინგო ქულა და მისცეს დისკვალიფიკაცია.
მაგრამ ნიკს გაჩერება და რამის შეცვლა არც უფიქრია. ერთ თვეში, ლონდონში ისევ თავის სტილში მოიქცა. ისევ დაესხა თავს მსაჯს, რომელიც სხვათა შორის ზემოთ ხსენებული მერფი გახლდათ. „შენ რა, მეხუმრები?“ – ყვიროდა კირგიოსი. – „ბურთი აუტიდან კილომეტრში იყო. საერთოდ რას აკეთებ? მართლა, მანდ, ზემოთ, რით ხარ დაკავებული? ეს აბსურდია, ძმაო, ალბათ მეხუმრები. უარს ვაცხადებ ასე თამაშზე. გიგანტური აუტი იყო. რა ჯანდაბაა? ნამდვილი ბოდვაა. და ქუდიც იდიოტური გახურავს. სხვათა შორის, მზეც კი არ არის“. ცოტა ხანში ჩოგბურთელმა ისევ დაიწყო ყვირილი – „მე მივდივარ. არ ვაპირებ აქ 100 პროცენტით დავიხარჯო, როცა მსაჯები აფუჭებენ თამაშს. მერე უკვირთ, რატომ არ ვცდილობ ჩემი შესაძლებლობები გამოვავლინო.“ მოგვიანებით კირგიოსი საკუთარ თავზე გადაერთო – „როგორი ზარმაცი ხარ, გააკეთე რამე! ნამდვილი ტომარა ხარ! რა თქმა უნდა… რისი იმედი გქონდა, ღამის სამ საათამდე ფიფას რომ თამაშობდი?“
როგორც ნახეთ, დისციპლინასთან ავსტრალიელს დიდი პრობლემები აქვს. 2019 წელს აკაპულკოში ტიტული მოიპოვა და შეჯიბრის მსვლელობისას რეიტინგის ტოპ 10-ის სამი ჩოგბურთელი დაამარცხა. მერე კი ყვებოდა, რომ ტურნირის დროს ყოველ საღამოს ერთობოდა, დადიოდა ღამის კლუბებში და გამთენიისას იძინებდა. „როცა შეჯიბრი კურორტზე ტარდება, არ შემიძლია არ გავერთო. ვიცი, ტოპ 10-ის ჩოგბურთელები ასე არ იქცევიან.“
კირგიოსს აჯარიმებენ და აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ ზოგიერთ მატჩში საერთოდ არ იხარჯება. მაგალითად, 2016 წელს შანხაიში, მიშა ზვერევთან დაპირისპირების დროს, თითქმის არაფერს აკეთებდა. 48 წუთის შემდეგ მსაჯს დაუწყო ჩხუბი, დროზე დაესრულებინა თამაში, რომ სახლში წასულიყო. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, ავსტრალიელი მაშინაც დააჯარიმეს, დისკვალიფიკაცია მისცეს და ფსიქოლოგთან გაგზავნეს.
როგორც აღმოჩნდა, ფსიქოლოგმა მას ვერაფერი მოუხერხა. გასულ სეზონზე, ჟუჰაის ტურნირის მსვლელობისას, კირგიოსმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით „განწყობა“. ეს პრესკონფერენციის ვიდეოა, სადაც ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად გულდაწყვეტილია როჯერ ფედერერთან მარცხის გამო, ავსტრალიელი ლუდის ბოთლს იყუდებს და დიდ ყლუპს აკეთებს.
ბოლო წლებში კირგიოსის მეტოქეებსა და მაყურებელს ძალიან აღიზიანებთ მისი ჩაწოდების სტილი, ე. წ. მსუბუქი ჩაწოდება, რომელიც აკრძალული არ არის, თუმცა თანამედროვე ჩოგბურთში ცუდ მანერად ითვლება. შარშან მაიამიში, ავსტრალიელისა და დუშან ლაიოვიჩის შეხვედრის დროს, გულშემატკივარმა ამაზე კომენტარი გააკეთა. კირგიოსი მაშინვე მივიდა მასთან და ჰკითხა – „კვირა საღამოს ჩემს ყურებაზე უკეთესი საქმე ვერ მოძებნე? და თან ამაში ფულს იხდი?“
კირგიოსს სძულს თიხის საფარი და ყველა, ვინც ამ საფარზე კარგად თამაშობს. მაგალითად, კასპერ რუუდს, რომელიც წარმატებას სწორედ თიხაზე აღწევს, ერთხელ უთხრა – „მირჩევნია, ვუყურო როგორ შრება საღებავი, ვიდრე ვუყურო შენს თამაშს. ძალიან მოსაწყენი ხარ.“ ერთხელ კი ინტერვიუში განაცხადა – „უნდა მოსპო ეს თიხის ვირთხები.“
ყოველივე ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ კირგიოსი სანახაობრივ ჩოგბურთს თამაშობს და მისი ყურება ბევრს მოსწონს. ის უდავოდ ნიჭიერია და არის მომენტები, როცა აბსოლუტურად ნორმალურად იქცევა. მაგალითად გასულ წელს, ვაშინგტონში, ჩაწოდების წინ ერთ-ერთ გულშემატკივარ ქალს რაღაც ჰკითხა. ქალმა მას რჩევა მისცა. ნიკმა მატჩი მოიგო და გულშემატკივარს მადლობის ნიშნად გადაეხვია.
ბოლო პერიოდში კირგიოსმა თავისი კარგი მხარე არაერთხელ გამოაჩინა. მაშინ, როცა ავსტრალიაში ტყის ხანძარი მძვინვარებდა, ის იყო ერთ-ერთი პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც დაზარალებულთა დასახმარებლად საკმაოდ დიდი თანხა გადარიცხა და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაშიც მიიღო მონაწილეობა. ამ საკითხზე საუბრისას კი ცრემლებს ვერ იკავებდა.
Rarely ever see Nick Kyrgios so overcome with emotion. Brought to tears just thinking about those back in Canberra pic.twitter.com/WqUm4RuTGO
— Nathan Salt (@NathSalt1) January 3, 2020
ცოტა ხნის წინ კირგიოსი ვეგანი გახდა. „ცხოველებზე ფიქრი დავიწყე და უარი ვთქვი ხორცსა და რძის ნაწარმზე. ეს ცხოვრების ჯანსაღ წესთან კავშირში არ არის. უბრალოდ არ მგონია სწორი, საკვების გამო ცხოველები ვხოცოთ. ამ პროდუქტზე უარის თქმა, წლების წინ, ჩემთვის რთული იყო, მაგრამ შევიცვალე. ავსტრალიის ხანძარმა ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაამყარა.“
კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა კირგიოსმა გულშემატკივარში დადებითი ემოციები გამოიწვია, სულ ცოტა ხნის წინ მოხდა. ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში, ნადალთან სათამაშოდ, ის სულ რამდენიმე დღით ადრე გარდაცვლილი კობი ბრაიანტის მაისურით გავიდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კალათბურთი მის მთავარ სიყვარულად რჩება. მკლავზე უზარმაზარი ტატუ აქვს, რომელზეც კობი ბრაიანტი და ლებრონ ჯეიმსი არიან გამოსახულები.
View this post on Instagram
Kobe and the king with me forever & some Jordan 1’s 💉 @dseeart
A post shared by NK (@k1ngkyrg1os) on
და ბოლოს, გთავაზობთ ინსტაგრამ პოსტს, რომელიც კირგიოსმა ცოტა ხნის წინ, COVID-19-ის პანდემიად გამოცხადების შემდეგ გამოაქვეყნა:
„თუ ვინმე არ მუშაობთ ან დაკარგეთ შემოსავლის წყარო, არ გაქვთ საჭმელი ან უბრალოდ რთული დრო გიდგათ…გთხოვთ, არ დაიძინოთ მშივრებმა. არ შეგეშინდეთ და არ მოგერიდოთ ჩემთვის პირადი გზავნილის მოწერა. ბედნიერი ვიქნები, თუ გაგიყოფთ იმას, რაც მაქვს. იქნება ეს მაკარონი, პური თუ რძე. დაგიტოვებთ საკვებს კართან, ისე, რომ კითხვასაც არ დაგისვამთ“.