ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ვფიქრობთ, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიისგან არის დაბალანსებული რეკომენდაცია, რასაც ნიდერლანდები მხარს დაუჭერს
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - ვფიქრობთ, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროკომისიისგან არის დაბალანსებული რეკომენდაცია, რასაც ნიდერლანდები მხარს დაუჭერს

ვფიქრობთ, ეს არის დაბალანსებული რეკომენდაცია ევროკომისიისგან, რასაც ნიდერლანდების მთავრობა მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოკკე ჰოქსტრამ განაცხადა, რომლითაც უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვფიქრობთ, ევროკომისიამ გაითვალისწინა სხვადასხვა ასპექტი, მათ შორის ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარება. ომის გამო, იმის გამო, რაც ხდება ევროპაში, ერთიანობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მაშასადამე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დაბალანსებული რეკომენდაცია ევროკომისიისგან, რასაც ნიდერლანდების მთავრობა მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა ვოკკე ჰოქსტრამ.

მისივე შეფასებით, ევროკომისიის დაბალანსებული, ჯგუფური რეკომენდაცია აჩვენებს ერთიანობის გადამწყვეტ მნიშვნელობას ამ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ევროკომისიის რეკომენდაცია არის დაბალანსებული და სამართლიანი სხვადასხვა საკითხში მსგავსებებზე და განსხვავებებზე და მე სრულად ვაფასებ თითოეული ქვეყნის სურვილს მეტი სისწრაფის, მეტი პროგრესის მიმართ და სრულად მესმის, თუმცა ვფიქრობ, ეს არის დაბალანსებული, ჯგუფური რეკომენდაცია, რომელიც აჩვენებს ერთიანობის გადამწყვეტ მნიშვნელობას ამ რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ნიდერლანდების ხელისუფლება სრულად დაუჭერს მას მხარს“, – განაცხადა ვოკკე ჰოქსტრამ.

ამავდროულად, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყანაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება სამიტზე.

„ვფიქრობ, აქ  პოზიტიური არის ის, რომ როგორც ნიდერლანდების მთავრობა, ისე სხვა მთავრობები მხარდაჭერისა და პოტენციური მხარდაჭერის მინიშნებას აკეთებენ ევროკომისიის რეკომენდაციაზე, მაგრამ ეს დამოკიდებულია სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ლიდერებზე, რათა მიმდინარე კვირას გამოთქვან მოსაზრებები და მივიდნენ საბოლოო დასკვნამდე“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა.