ნიდერლანდები რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება
ნიდერლანდები რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას ეხმაურება

ნიდერლანდები იზიარებს საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული კიბერთავდასხმის შესახებ. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

„მსგავსი ქმედებები არღვევს კიბერსივრცეში სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის ნორმებს, რაც შეთანხმებულია გაერო-ს ფორმატში და ავლენს საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებული წესრიგისადმი უპატივცემულობას“, – აღნიშნულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.