ნევროლოგი თენგიზ წულაძე აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული და მათი შეწყვეტა ასე მალე არ ხდება
ნევროლოგი თენგიზ წულაძე აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული და მათი შეწყვეტა ასე მალე არ ხდება

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტები მიხეილ სააკაშვილს დაპატიმრებამდე ჰქონდა დანიშნული და მათი შეწყვეტა ასე მალე არ ხდება.

„მიხეილ სააკაშვილთან გიორგობის შემდეგ არ ვყოფილვართ, ეს დეტალები, როგორც ჩანს, მერე გამოვლინდა. არ ვართ ინფორმირებული. ვიდრე დააპატიმრებდნენ, იქამდეც ჰქონდა დანიშნული ეგ წამლები. იმ პრეპარატების უცებ შეწყვეტა არ ხდება. ამ წამლებს დიდი ხანი თუ იღებდა, თვეები, შეწყვეტაც თვეები უნდა გაგრძელდეს. მგონი იქ საუბარი მიდის, დოზა იყო თუ არა ადეკვატური. პრეპარატზე საუბარი არ მიდის.

ჩვენ არ ვიცით, არ ვყოფილვართ და არ ჩავუყენებივართ საქმის კურსში ამ თვალსაზრისით. ამიტომაც წამოვაყენეთ ჩვენი დასკვნის დანართში, უფრო პროფესიონალურ დასკვნაში ფსიქოლოგიური დახმარების საკითხი. სხვა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. გიორგობის შემდეგ არ შევსულვარ და არ ვიცი ახლანდელი მდგომარეობა“,- განაცხადა თენგიზ წულაძემ.

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.