ჩრდილოეთ მაკედონიისა და „უდინეზეს“ თავდამსხმმელმა ილია ნესტოროვსკიმ საქართველოს ნაკრებთან მოგების (0:1) შემდეგ Gol.mk–თან ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე ისაუბრა.
„ჩვენ საქართველოში მოგების რწმენით ჩამოვედით, რადგან ვიცოდით, რომ გვყავს საუკეთესო გუნდი და ფეხბურთელები, რომლებმაც კარგი მატჩები ჩაატარეს. ვაჩვენეთ, რომ მეტი გამოცდილება გვაქვს. მეორე ტაიმში ღირსეულად ვითამაშეთ, საჭირო მომენტში გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი საქართველოს გუნდს გატანის შანსი არ მივეცით. ბოლომდე კარგად ვითამაშეთ, მაღალი პრესინგით და კიდევ ორი-სამი საგოლე შანსი გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეხვედრა მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ“, – ამბობს ნესტოროვსკი.
გამოცდილმა თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებმა მიღწეული ბოლომდე სამშობლოში გაიაზრეს:
„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა გავაკეთეთ, როდესაც სამშობლოში დავბრუნდით და ვნახეთ ხალხს, როგორ ზეიმობენ, მივხვდით, რომ ჩვენ დიდი საქმე გავაკეთეთ. პატარა ამბავი არაა ასეთ პირობებში ორი მილიონი ადამიანის გაბედნიერება. იმედია, რომ ევროპის ჩემპიონატებზე კარგ ფორმაში წარვდგებით. ჩვენ ავსტრიით ვიწყებთ, შემდეგ უკრაინასთან ვთამაშობთ, ვიცით, რომ დიდი შანსები გვაქვს, იქნებ უფრო წინ წავიდეთ“.
ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ეს იქნება პირველი გასვლა დიდ სანაკრებო ტურნირზე. 2017 წელს, პოლონეთში გამართულ ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე ამ ქვეყნის 21 წლამდელთა გუნდი მოხვდა და ახლა მთავარი ნაკრების ბირთვს სწორედ იმ გუნდის ლიდერები შეადგენენ – დამიან შიშკოვსკი, ელიფ ელმასი, ენის ბარდი, გოიკო ზაიკოვი, ბობან ნიკოლოვი, ვისარ მუსლიუ, დავიდ ბაბუნსკი, ეგზონ ბეითულაი, დარკო ვეკოვსკი, ტიხომირ კოსტადინოვი.