ნენსი პელოსი - ტაივანში ჩვენი დელეგაციის ვიზიტი პატივს მიაგებს აშშ-ის ურყევ ერთგულებას ტაივანის აქტიური დემოკრატიის მიმართ
ჩვენი დელეგაციის ვიზიტი პატივს მიაგებს ამერიკის ურყევ ერთგულებას ტაივანის აქტიური დემოკრატიის მიმართ, – ამის შესახებ აცხადებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, რომელიც ცოტა ხნის წინ ტაივანში ჩავიდა.
„ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან დაადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას პარტნიორებისადმი და მოემსახურება ჩვენს საერთო ინტერესებს, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინ წასაწევად. აშშ-ის სოლიდარობა 23 მილიონი ტაივანელის მიმართ დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, მაშინ როდესაც მსოფლიო დგას არჩევანის წინაშე, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, – აცხადებს პელოსი.
პეკინმა არაერთხელ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვებოდა. ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე ჩინეთმა ზღვაში ორი ავიამზიდი გაიყვანა, ფუძიანის პროვინციაში კი ბალისტიკური რაკეტები გადაისროლა.
როგორც აღინიშნა, პელოსის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, ის ტაივანს აზიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა.
პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა რეალურად არ აკონტროლებს არც კუნძულს და არც ტაივანის მთავრობას. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანს ბოლოს 1997 წელს სტუმრობდა. ნიუტ გინგრიჩი მაშინ კუნძულს ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ეწვია. იმ დროს პეკინს ასეთი ხისტი რეაგირება არ ჰქონია.