ნელი დოროყაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში ცვლილებები ბრალდების დამძიმებას ნიშნავს
ნელი დოროყაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში ცვლილებები ბრალდების დამძიმებას ნიშნავს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატის, ანა თავხელიძის განმარტებით, ბასილაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაში შეტანილი ცვლილებები ბრალდების დამძიმებას ნიშნავს. ამის შესახებ საქართველოს ანა თავხელიძემ პირველ არხს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, გარდა იმისა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთ ეპიზოდში წარდგენილ ბრალზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფორმულირება დაემატა, რაც ბრალის დამძიმებას ნიშნავს, ასევე მოხდა ოთხი ახალი ეპიზოდის წარდგენა, მათ შორის სამი ეპიზოდი ფიზიკურ ძალადობას, ხოლო ერთი ფსიქოლოგიურს ეხება.

„აქამდე ნიკოლოზ ბასილაშვილს სახელმწიფო ბრალდება თუ ედავებოდა მხოლოდ 21 მაისის ეპიზოდს, ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, დამატებით კიდევ ფიზიკური ძალადობის სამი ეპიზოდი წარედგინა და ასევე, სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი. რაც მთავარია, ყველა ეპიზოდის ნაწილში, ანუ ჯამში ხუთი ეპიზოდის ნაწილში, გამოიკვეთა გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია. გენდერული ნიშანი არ ჰქონდა მანამდე წარდგენილი 21 მაისის ეპიზოდში; ახლა დაემატა, რაც ნიშნავს, რომ იმ ეპიზოდში, რაზეც უკვე ბრალი ჰქონდა წარდგენილი, დაუმძიმდა ბრალდება. რადგან დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის შემთხვევაში, ყველაზე მსუბუქი სასჯელის გამოყენება არ შეუძლია სასამართლოს“, – განაცხადა ანა თავხელიძემ.

მისი თქმით, ფორმულირება – დისკრიმინაცია რაც ბასილაშვილის ბრალს დაემატა, არის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე.

ამასთან, გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დაზუსტდა ბრალდების კვალიფიკაცია, რაც დამძიმებას არ გულისხმობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა კი აცხადებს, რომ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა სპორტსმენის წინააღმდეგ მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს.