ნელი დოროყაშვილი - სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგსა და გაერო-ში არ შეიძლება საქმის წაღება, მაინც მივიღებთ სამართლიანობას, ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას
ნელი დოროყაშვილი - სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგსა და გაერო-ში არ შეიძლება საქმის წაღება, მაინც მივიღებთ სამართლიანობას, ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას

აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას, – ამის შესახებ ნეკა დოროყაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ნელი დოროყაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეალურ ბრძოლას ახლა იწყებს.

„სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგსა და გაერო-ში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას. სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ ქეისს გავხდით მაგალითად, როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა. მოსამართლე, რომელიც უარყოფს თავის წინ დადებულ ფაქტებს, თვალს ხუჭავს ყველაფერზე, დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას. სიტყვა-სიტყვით იმეორებს მის სიტყვებს. ორწლიანი განხილვის შემდეგ მხოლოდ ბრალდებულის 10-წუთიან რეპლიკას იმეორებს. მას შეეძლო, პირდაპირ ორი წლის წინ მოესმინა ბრალდებულისთვის, გაემეორებინა მისი სიტყვები და მაშინვე ეთქვა, არ არის ეს ბიჭი დამნაშავეო. ამ ქალბატონმა დღეს განაჩენი გამოუტანა მთელი საქართველოს ქალებს. ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სული. თუ ნეკა დოროყაშვილმა ვერ მოიგო სისხლის სამართლის დავა – პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით სავსე, მაშინ სხვა ძალადობის მსხვერპლ ქალებს რისი იმედი უნდა ჰქონდეთ? მე აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებ და მივიღებ სამართლიანობას ჩემთვის, ყველა ჩემი მხარდამჭერისთვის და ყველა ძალადობაგამოვლილი ქალისთვის. დიახ, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც იმყოფება ძალადობის ქვეშ. უამრავი შემთხვევაა, როცა თავდებით გამოშვებული ქმრები და ყოფილი ქმრები ცოლებს ხოცავენ, გამართლებულები ყელს ჭრიან ცოლებს, ეს რას ნიშნავს? ეს არ მიანიშნებს ქართული სტერეოტიპებით, ნაცნობიბით და გავლენებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე? ეს არ გვიჩენს განცდას, რომ საქართველოში სასამართლო კლავს ქალებს?

მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც სტერეოტიპების მიუხედავად, სტატუსის მიუხედავად, თვალყურს ადევნებდა პროცესებს, გულმხურვალედ მიჭერს მხარს და მგულშმატკივრობს და ვისთვისაც საქმეში არსებული საკმარისზე მეტი მტკიცებულებებით ყველაფერი ცხადია. მიყვარხართ თქვენ! მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას“, – წერს ნელი დოროყაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. პროცესს არ ესწრებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. იმავე წლის 24 მაისს კი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.