„ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ფოტოკონკურსის მთავარი პრიზი გრენლანდიის მეთევზეთა სოფლის ფოტომ მოიპოვა [ფოტო]
„ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ ფოტოკონკურსის მთავარი პრიზი გრენლანდიის მეთევზეთა სოფლის ფოტომ მოიპოვა. ფოტო, რომელმაც ქალაქების კატეგორიაში მთავარი პრიზი მოიპოვა, ვეიმინ ჩუს მიერ არის გადაღებული. ფოტოზე სოფელი უპერნავიკია ასახული.
„მთელი ფრენის განმავლობში ვხედავდი მხოლოდ ყინულით დაფარულ თეთრ მიწას. თუმცა მოულოდნელად შევნიშნე შორს დიდი, თბილი წერტილი – ეს უპერნავიკი იყო. ამ მშვიდი სოფლის სილამაზე ჩემს წარმოდგენას ცდებოდა. ეს იყო ჩემთვის გასაოცრად შთამბეჭდავი მომენტი“, – ასე იხსენებს ფოტოგრაფი, როგორ დაინახა პირველად გრენლანდიის სოფელი. უპერნავიკში დაახლოებით ათასი ადამიანი ცხოვრობს. ვეიმინ ჩუმ სოფელში ექვსი დღე გაატარა.
ქალაქების კატეგორიაში მეორე ადგილი მოპოვა ჯეისენ ტოდოროვის მიერ სან ფრანცისკოს აეროპორტში გადაღებულმა ფოტომ. სურათის სახელწოდებაა „ავიაციის ერაში“. მესამე ადგილზე კი ბანგლადეშის დედაქალაქის დაკას ფოტომ მოიპოვა. ფოტოგრაფმა სანდიპანი ჩატოპადიაიმ ფორზე აღბეჭდა დაკას ქუჩაში მომლოცველი ადამიანები.
კატეგორია „ადამიანებში“ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკმა“ საუკეთესო ფოტოდ ჰუაიფენგ ლის ნამუშევარი „შოუს დრო“ დაასახელა. ფოტო ჩინეთშია გადაღებული და მასზე მსახიობები ოპერის წარმოდგენისთვის ემზადებიან.
მეორე ადგილზე გასული ფოტო „ყოველდღიური რუტინა“ ჰონგ კონგში იოშიკი ფუჯივარას მიერაა გადაღებული. „ეს ფოტო ჰონგ კონგის საზოგადოებრივ პარკში გადავიღე. როდესაც პარკში შუადღით მივედი, ის ძალიან ხალხმრავალი იყო, ახალგაზრდები იღებდნენ სურათებსა და კალათბურთს თამაშობდნენ. თუმცა როდესაც პარკში გამთენიისას მივედი, ის სრულიად სხვაგვარ ადგილად მომეჩვენა. ის ძალიან მშვიდი იყო. ეს იყო ღვთაებრივი სანახაობა, როდესაც დავინახე მოხუცი, რომელიც ამომავალი მზის სხივებში ტაი-ძის აკეთებდა“, – იხსენებს ფოტოს ავტორი.
„ადამიანების“ კატეგორიაში მესამე ადგილზე კონკურსში ესპანელი ხოსე ანტონიო სამორას ფოტო „ცხენები“ დასახელდა.
„ყოველწლიურად, წმინდა ანტონის დღესასწაულზე ესპანეთში აღნიშნავენ ცხოველების განწმენდის ცერემონიას. ავილას პროვინციაში, მხედრები ცხენებით ახტებიან კოცონს, ეს რიტუალი მე-18 საუკუნიდან მომდინარეობს“, – განმარტავს ხოსე ანტონიო სამორა.
ამას გარდა, ადამიანების კატეგორიაში საპატიო ჯილდო მოიპოვა ნავინ ვატსას ფოტომ „განწყობა“. ფოტოზე ინდოეთში, დელიში მდინარე იამუნას პირას მდგარი ჩაფიქრებული ბავშვია აღბეჭდილი.
რაც შეეხება კატეგორიას „ბუნება“, პირველ ადგილზე ესპანელი ტამარა ბლასკეს ჰაიკის მიერ გადაღებული არწივის ფოტო დასახელდა, რომლის სახელწოდებაა „ნაზი თვალები“.
მეორე ადგილი მოიპოვა დენი სეპკოვსკის ფოტომ „სიზმრებზე მონადირე“. სურათი ჰავაის კუნძულებზეა გადაღებული. მესამე პოზიციისთვის კი ჟიურიმ სკოტ პორტელის დელფინის ფოტო შეარჩია. ფოტო ახალი ზელანდიაშია გადაღებული.