ნეიმარმა ტრავმის გამო პირველ ტაიმში დატოვა „ბაშაქშეჰირთან“ მატჩი (ვიდეო)
ნეიმარმა ტრავმის გამო პირველ ტაიმში დატოვა „ბაშაქშეჰირთან“ მატჩი (ვიდეო)

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა ტრავმა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში „ბაშაქშეჰირის“ წინააღმდეგ. თურქეთში გამართული შეხვედრა პარიზულმა კლუბმა მოიზე კინის დუბლის წყალობით 2:0 მოიგო.

პირველი ტაიმის შუაში, ნეიმარმა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. მის ნაცვლად 26-ე წუთზე თამაშში პაბლო სარაბია შევიდა.

მატჩის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა ბრაზილიელის მდგომარეობაზე.

„მისი შეცვლა გახდა საჭირო. ახლა, დიაგნოზს უნდა დაველოდოთ. ეს არ იყო სერიოზული ტკივილი, მაგრამ ის არაკომფორტულად გრძნობდა თავს. მჭიდრო გრაფიკის გამო, ეს შეიძლება რამდენიმე მატჩის გამოტოვებად დაუჯდეს, თუმცა, ამ მომენტში ზუსტად რაიმეს თქმა რთულია.

ეს კუნთის ტრავმაა. იმედია, დაზიანება სერიოზული არ არის. უნდა დაველოდოთ ხვალინდელ ტესტებს“, – თქვა ტუხელმა.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ბრაზილიელმა ექვსი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.