ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევა არ ასახავს დღეს არსებულ აქტუალურ პრობლემებს
ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევა არ ასახავს დღეს არსებულ აქტუალურ პრობლემებს

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევა არ ასახავს დღეს არსებულ აქტუალურ პრობლემებს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები შეფასდეს შედეგების თვალსაზრისით.

„თუ სისტემაში შეიქმნა, ჩამოყალიბდა და შედგა გავლენიანი ჯგუფი, რომელიც მართავს სისტემას და რომელსაც აქვს სერიოზული ძალაუფლება სასამართლოში, ბუნებრივია, რეფორმები ვერ ჩაითვლება წარმატებულად. თავისთავად თუ დავუშვებთ, რომ სასამართლო დარბაზი გაიხსნა და პროცესები გახდა ღია,  ეს კარგია, მაგრამ ჩვენ იმ კუთხით უნდა ვიმსჯელოთ, რა ვერ გაკეთდა ან რა გაკეთდა არასწორად, როცა სისტემაში გავლენიანი ჯგუფი მივიღეთ.

გარდა ამისა, კვლევაში არ არის საუბარი, რამდენად არის სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკები, რომელიც ვფიქრობ, რომ დღეისთვის უნდა იყოს ყველაზე აქტუალური პრობლემა. ამასთან, კვლევაში არ არის ასახული საბჭოს ახალი ფუნქციები, ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, რომ ესეც შეფასებულიყო. ამ კვლევას რომ ვუსმენდი, დაახლოებით ისეთი წარმოდგენა გამიჩნდა, რომ სულ სხვა საბჭოს წევრი ვარ, სადაც ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. კვლევა ასე აჩვენებს, მაგრამ რეალობა არის სხვაგვარი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 51%, ხოლო სასამართლოს მოსარგებლეთა 55% მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.

„სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში (რეფორმების I, II და III ტალღა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი)“ კვლევა კონსორციუმებმა IPSOS France და „Amicus Curiae“-მ, პროფესორმა იან ვან დაიკმა და საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბმა“ ჩაატარეს.