ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის თვითნებური რეგულირება შეცდომაა
ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის თვითნებური რეგულირება შეცდომაა

მიმაჩნია, რომ დღეს წარმოდგენილი ინიციატივა, რომელიც რეგლამენტში შესატან ცვლილებას ეხება, არის კანონთან შეუსაბამო და შესაძლოა, შექმნას სამართლებრივი პრობლემები, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილ საკითხს, რომლის მიხედვითაც, საბჭოს შეუძლია ხელმეორედ განიხილოს იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხი, რომლებსაც ერთხელ უკვე ეთქვა უარი.

ჯანეზაშვილის განმარტებით, ორგანულ კანონში არ არსებობს რაიმე სახის ჩანაწერი კონკრეტულად ამ კატეგორიის მოსამართლეებისთვის, ხოლო რეგლამენტით აღნიშნული საკითხის დარეგულირების მცდელობა შეცდომაა. საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, ასეთი წესით დანიშნული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს.

ჯანეზაშვილს მიაჩნია, რომ საბჭომ  ცვლილების მოთხოვნით პარლამენტს უნდა მიმართოს.

„ორგანული კანონის თანახმად, არ არის დარეგულირებული საკითხი, რომ მოსამართლეს, თუკი მას უარს ეტყვიან უვადოდ გამწესებაზე, აქვს შესაძლებლობა, მიმართოს საბჭოს და მეორედ მოხდეს ამ საკითხზე მსჯელობა. ირაკლი შენგელიას მიერ წარმოდგენილი ინიციატივა სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ მოსამართლემ უვადოდ გამწესების თაობაზე იუსტიციის საბჭოს განმეორებით მიმართოს. ანუ რეალურად ვიღებთ ასეთ ვითარებას, საბჭო ცდილობს, საკითხი, რომელიც კანონში არ არის გათვალისწინებული, თავისი რეგლამენტით დაარეგულიროს, რაც თავისთავად არის არაკონსტიტუციური და ვფიქრობ, სამომავლოდ გამოიწვევს საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. მოსამართლე, რომელიც გახლავთ აი ამ ფორმით დანიშნული, მის ლეგიტიმაციას მიადგება ჩრდილი. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს წარედგინოს რეკომენდაცია და არ მოხდეს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების თვითნებურად მიღება. ვფიქრობ, საბჭომ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას”,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

საბჭოს არამოსამართლე წევრის თქმით, ამ დროისთვის საბჭომ უვადოდ გამწესებაზე  ცხრა მოსამართლეს უთხრა უარი. ხოლო სამომავლოდ მსგავსი წესით დანიშნულ 40 -მდე მოსამართლესაც მოუწევს საბჭოს წინაშე აღნიშნული მოთხოვნით გასაუბრების გავლა.