ნაზი ჯანეზაშვილი - გასაუბრებაზე კანდიდატებთან დაისმება ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას შეიძლება გააჩნდეს
ნაზი ჯანეზაშვილი - გასაუბრებაზე კანდიდატებთან დაისმება ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას შეიძლება გააჩნდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ინტერესია, იჩქარონ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჩქარო არაფერია, არ შეიძლება პარლამენტში ის კანდიდატი წარდგეს, რომელიც არ იმსახურებს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, გასაუბრებაზე დაისმება ყველა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებას შეიძლება გააჩნდეს.

„ვცდილობთ, რომ დავსვათ ყველა შეკითხვა, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში გაჩნდეს. მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, არამოსამართლე კანდიდატებს, ადვოკატს, პროკურორს, ან რომელიმე კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელს რამდენად აქვთ გამოცდილება სასამართლოსთან ურთიერთობის.

თავდაპირველად, განრიგის მიხედვით, ხუთ კანდიდატთან უნდა ყოფილიყო გასაუბრება. იუსტიციის საბჭოს წევრების ინტერესია, რომ იჩქარონ, ჩვენ კი, ვფიქრობთ, რომ საჩქარო არაფერია. არ შეიძლება პარლამენტში ის კანდიდატი წარდგეს, რომელიც არ იმსახურებს და სათანადოდ არ იქნა შესწავლილი.

კანონის თანახმად უფლება მაქვს დავსვა შეკითხვები. ეს გვრიტიშვილისთვის და შენგელიასთვის დროის გაჭიანურებაა, რადგან ნახეთ, რომ პირველ კანდიდატთან დასვეს შეკითხვები, რომელსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა. წარმოუდგენელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან ერთზე მეტი შეკითხვა არ ჰქონდეს საბჭოს. მათთვის მთავარია პარლამენტში ის ადამიანები წაიყვანონ, ვინც უკვე დაგეგმეს. ვისაც ყველაზე მეტად იცავენ, მასზე არიან შეთანხმებულები. ცხადია კითხვები იქნება გახმაურებულ საქმეებზე და წარსულზე, თუმცა დაისმება კითხვები სიფრთხილით, რადგან ვართ საბჭოს წევრები და სხვაგვარი მიდგომა გვმართებს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.