ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წარმომადგენლებს ხვდებიან
ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" წარმომადგენლებს ხვდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” წარმომადგენლებს ხვდებიან.

დახურულ კარს მიღმა მთავარი განსახილველი საკითხი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი, პროცედურები და შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მეთოდია. აუდიენციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ მთავარი ამ პროცესში არის შერჩევის გამჭვირვალობა, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დღეისთვის რაიმე კონკრეტული რეგულაცია შერჩევის წესთან დაკავშირებით არ არსებობს.

„ამ ეტაპისთვის მართლაც არ არსებობს არანაირი რეგულაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შერჩევა. პირველ რიგში აქ არის მნიშვნელოვანი, რომ არსებობს სასამართლოს სისტემის სტრატეგია, სადაც ცალსახად წერია, რომ საბჭო ვალდებულია, შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს პროცედურებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის ეს ორგანულ კანონში არ არის გაწერილი, თუმცა მეორე მხრივ საბჭოს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად სამართლიანი“,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, აუცილებელია მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იყოს ღია, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ამა თუ იმ კანდიდატის შერჩევის შესახებ.

საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კანდიდატთა შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა.

„პირველ რიგში პროცესი, რომელსაც პარლამენტი შექმნის, უნდა იყოს საჯარო,  ამავე დროს პარლამენტს უნდა ჰქონდეს თითო ადგილზე რამდენიმე კანდიდატურის არჩევანი”,- აცხადებს ანა დოლიძე.

საბჭოს არამოსამართლე წევრების მოსაზრებას იზიარებს არასამთავრობო სექტორიც. საია-ს იურისტი ეკა ციმაკურიძე მიიჩნევს, რომ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისას გარკვეული პასუხისმგებლობა საკანონმდებლო ორგანოსაც ეკისრება.

„როდესაც საქმე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას, ახალი წესების მიხედვით, კანონმდებლობა არ არეგულირებს კრიტერიუმებს და პროცედურებს. ამიტომ პირველ რიგში პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ სწრაფად მოახდინონ კანონმდებლობაში ცვლილებები. ასევე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ღია განხილვები”,- აცხადებს ეკა ციმაკურიძე.

შეგახსენებთ, ახალი კონსტიტუციის ამოქმედებისთანავე, რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისას შევა ძალაში, ამოქმედდება ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის შერჩევის ვალდებულება იუსტიციის საბჭოს ეკისრება. სწორედ საბჭომ უნდა შეარჩიოს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომელთა რიცხვიც 18-დან 28 მდე იზრდება. აღნიშნული შემადგენლობიდან  საბჭო ერთ-ერთ კანდიდატს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად  საკანონმდებლო ორგანოს   წარუდგენს.