ნაზი ჯანეზაშვილი ალეკო ელისაშვილის განცხადებას ამაზრზენს უწოდებს
ნაზი ჯანეზაშვილი ალეკო ელისაშვილის განცხადებას ამაზრზენს უწოდებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „ახალი პლატფორმის“ წევრს, ალეკო ელისაშვილის სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ალეკო ელისაშვილი აბსოლუტურად არაინფორმირებულია იმის შესახებ, რა გაკეთდა იუსტიციის საბჭოში, ვინ იყვნენ იუსტიციის საბჭოს კლანის წევრები და მოსამართლეები.

„მინდა, გამოვეხმაურო ალეკო ელისაშვილს, რომელმაც ჩემ შესახებ ისაუბრა პრეზენტაციის შემდეგ. ძალიან მიკვირს, რომ ელისაშვილმა, რომელმაც საერთოდ არ იცის სასამართლოს თემა, ჩემგან გაიგო პირადად სასამართლოს პრობლემები, მე მახსენებს, თითქოს გვრიტიშვილთან უნისონში ვსაუბრობ. ეს არის სრულიად ამაზრზენი ჩემთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელიც აბსოლუტურად არაინფორმირებულია იმის შესახებ რა გავაკეთე იუსტიციის საბჭოში, ვინ იყვნენ იუსტიციის საბჭოს კლანის წევრები და მოსამართლეები, რომლებმაც სასამართლოს სერიოზული ზიანი მიაყენეს. მან ეს პირადად ჩემი მეშვეობით გაიგო. ასევე მან აღნიშნა, თითქოს მის ოფისში დავდიოდი. ის არის მატყუარა, როდესაც ამას ამბობს. დიდი სიცრუეა, არავის ოფისში არ დავდიოდი, ეს იყო ერთადერთი საჯარო შეხვედრა 2019 წლის იანვარში, როდესაც პირადად ანა დოლიძესთან ერთად შევხვდი სხვადასხვა პოლიტიკოსებს, ალეკო ელისაშვილს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირმა ინაშვილს და ბევრს. მე სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ როგორც არამოსამართლე წევრი. ჩემი განცხადებების, ჩემი საქმიანობის შეფასება მიმაჩნია, რომ ჩემს დამოუკიდებლობაში ჩარევაა. ალეკო ელისაშვილი სრულიად უვიცია სასამართლოს თემებთან მიმართებაში და როგორც პოლიტიკოსს, უფლება არ აქვს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის განცხადებები შეაფასოს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ახალი პლატფორმის წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ დაუჯერებელი და გულდასაწყვეტია, მისთვის პატივსაცემი ნაზი ჯანეზაშვილისა და სახელგატეხილი მოსამართლეების განცხადებები ანა დოლიძესთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.