ალეკო ელისაშვილი - დაუჯერებელია, რომ ჩემთვის პატივსაცემი ნაზი ჯანეზაშვილისა და სახელგატეხილი მოსამართლეების განცხადებები ანა დოლიძეზე ერთმანეთს ემთხვევა
ალეკო ელისაშვილი - დაუჯერებელია, რომ ჩემთვის პატივსაცემი ნაზი ჯანეზაშვილისა და სახელგატეხილი მოსამართლეების განცხადებები ანა დოლიძეზე ერთმანეთს ემთხვევა

ახალი პლატფორმის წევრის, ალეკო ელისაშვილის თქმით, დაუჯერებელი და გულდასაწყვეტია, რომ მისთვის პატივსაცემი ნაზი ჯანეზაშვილისა და სახელგატეხილი მოსამართლეების განცხადებები ანა დოლიძესთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

„დიდ პატივს ვცემ ნაზი ჯანეზაშვილს. უბრალოდ, ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო გუშინ და დღეს იმის ყურება და მოსმენა, რომ ჩემთვის პატივსაცემი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებები ანა დოლიძესთან დაკავშირებით და ჩემთვის არაპატივსაცემი გვრიტიშვილის, სხვა სახელგატეხილი მოსამართლეების განცხადებები, უნისონში იყო და ერთმანეთს ემთხვეოდა. ეს ჩემთვის ერთი მხრივ დაუჯერებელი იყო და მეორე მხრივ ძალიან გულდასაწყვეტი“,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრ ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი პლატფორმის მემორანდუმზე ხელმოწერით, კითხვები აღარ არსებობს.

ჯანეზაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს.

ნაზი ჯანეზაშვილი ფიქრობს, რომ ანა დოლიძე კანონს არღვევს.

მისივე თქმით, ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს.

ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ დღეს ახალი პლატფორმის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ტექსტში ნათქვამია, რომ მათი ამოცანაა, შექმნან განსხვავებული მსჯელობის პლატფორმა, რომელიც პოლარიზებული პოლიტიკური ატმოსფეროს ახალი, ჯანსაღი ალტერნატივა გახდება.