ნავთობისა და გაზის კორპორაცია ევროობლიგაციებს იბიარდი-სგან აღებული სესხით გამოისყიდის
ნავთობისა და გაზის კორპორაცია 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციას იბიარდი-სგან აღებული 217 მილიონი ევროს მოცულობის სესხით გადაფარავს. ობლიგაციების სრულად დაფარვის ვადა 2021 წლის აპრილში იწურება, თუმცა კორპორაცია უფლებამოსილია, ობლიგაციები ადრეულად გამოისყიდოს.
კორპორაციის ინფორმაციით, სესხის უზრუნველსაყოფად შპს „გარდაბნის თბოსადგური“ და შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ია ჩადებული.
კორპორაციამ პირველად 2012 წელს გამოუშვა 250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაცია და ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. 2016 წელს ევროობლიგაციების ხელახალი ემისია განახორციელა და წინსწრებით დაფარა 2012 წელს აღებული ფინანსური ვალდებულებები.