ნატო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ არ ცდილობს ნატო-ს დაშლას ან არსებული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრას - „ჩვენ ვცდილობთ, ნატო უფრო ძლიერი გავხადოთ“
ნატო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ არ ცდილობს ნატო-ს დაშლას ან არსებული მსოფლიო წესრიგისთვის ძირის გამოთხრას - „ჩვენ ვცდილობთ, ნატო უფრო ძლიერი გავხადოთ“

ნატო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2026 წლის ანგარიშში გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

მეთიუ უითაკერის განცხადებით, აშშ-ს არ სურს ნატო-ს დაშლა ან არსებული ალიანსებისთვის ძირის გამოთხრა, როგორც ამას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშის ავტორები აცხადებენ.

მისივე თქმით, აშშ-ს ალიანსის წევრებს შორის თავდაცვის სფეროში ტვირთის „დაბალანსება“ სურს და ევროპელ მოკავშირეებს უბიძგებს, „მეტი გააკეთონ, მეტად ძლიერები იყვნენ, რადგან სიძლიერე არის მშვიდობის გარანტია“.

„ჩვენ ვცდილობთ, ნატო უფრო ძლიერი გავხადოთ. ალიანსიდან გასვლას ან უარყოფას კი არ ვცდილობთ, არამედ მის ისე ამუშავებას, როგორც ჩაფიქრებული იყო – 32 ძლიერი და ქმედითი ქვეყნის ალიანსი“, – განაცხადა ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა.

ამასთან, როგორც უითაკერმა აღნიშნა, აშშ იმედგაცრუებულია, რომ ევროპაში ბევრი დისკუსია და ცოტა მოქმედებაა, მოკავშირეები უფრო მეტ დროს ხარჯავენ პრობლემების განხილვაზე, ვიდრე მათ გადაჭრაზე.

ნატო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, უსაფრთხოების საკითხებში ევროპელმა პარტნიორებმა უნდა გაზარდონ სამხედრო ხარჯები და აჩვენონ, რომ შეუძლიათ დაპირებების შესრულება, რაც ნატო-ს ხარჯების სამიზნე ნიშნულამდე ზრდას მოიცავს.