მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2026 წლის ანგარიში - ევროპამ გააცნობიერა, რომ სამხედრო თვალსაზრისით აშშ-ისგან დამოუკიდებელი და უფრო გაბედული უნდა გახდეს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის 2026 წლის ანგარიში - ევროპამ გააცნობიერა, რომ სამხედრო თვალსაზრისით აშშ-ისგან დამოუკიდებელი და უფრო გაბედული უნდა გახდეს

ევროპა მივიდა მტკივნეულ დასკვნამდე, რომ უნდა იყოს უფრო გაბედული და მეტად დამოუკიდებელი აშშ-ის ავტორიტარული ადმინისტრაციისგან, რომელიც მეტად აღარ იზიარებს ერთგულებას ლიბერალური დემოკრატიის ნორმებისა და ღირებულებებისადმი, – ამის შესახებ ნათქვამია მიუნხენის კონფერენციის 2026 წლის ანგარიშში.

„გარდიანის“ მიხედვით, ანგარიშში შესული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხევდით, ევროპელები უფრო მეტად არიან მზად, იმოქმედონ აშშ-ის ლიდერობის გარეშე. ანგარიშში ტრამპს ადანაშაულებენ დესტრუქციისადმი სწრაფვასა და ვლადემირ პუტინის მხარდაჭერაში.

„ევროპის დიდი ნაწილი მზარდი შეშფოთებით ადევნებს თვალს აშშ-ის „კონკურენტულ ავტორიტარიზში“ ჩაძირვას და სვამენ კითხვას, რამდენად მდგრადია რეალურად აშშ-ის დემოკრატია“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-მა ზურგი აქცია ლიბერალურ პრინციპებს, რომელიც მხარს უჭერდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წესრიგს და ვაშინგტონი, შესაძლოა, აყალიბებს პოსტამერიკულ წესრიგს.

„იმ დროს, როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ისინი „ამერიკას კვლავ დიადს გახდიან“, კრიტიკოსების აზრით, ეს პოლიტიკა „სუპერსახელმწიფოს თვითმკვლელობის“ ტოლფასია“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის ავტორთა თქმით, ევროპელმა ლიდერებმა გააცნობიერეს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალაზე დამოკიდებულება თავის ზღვარს აღწევს.

„ევროპელებს ცოტა ხნის წინ მოუწიათ აღიარება, რომ თითქმის შეუძლებელია, უარი თქვა სავაჭრო შეთანხმებებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ღია ვაჭრობის წესებს ან გამოხვიდე სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევის წინააღმდეგ, თუ ისინი დამოკიდებულები არიან იმ ქვეყნის სამხედრო დახმარებაზე, რომელიც იძულების მეთოდებს იყენებს და არღვევს არსებულ ნორმებს. ევროპელებისთვის და მათი ზოგიერთი პარტნიორისთვის ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომლებიც დიდი ხანია, ეყრდნობიან ვაშინგტონს თავიანთი ინტერესების დაცვის მძიმე სამუშაოს შესრულებაში, ეს განსაკუთრებით მტკივნეული აღიარებაა“, – ნათქვამია ანგარიშში.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ანგარიშში წერია, რომ ევროპელმა ლიდერებმა უნდა მოახდინონ ადაპტაცია ტრამპის ადმინისტრაციის ტექნიკასთან და უფრო გაბედულები იყვნენ გადაწყვეტილებების მიღებასა და კომუნიკაციისას.

„საერთაშორისო წესრიგისა და ინსტიტუტების დამცველები ისეთივე გაბედულები უნდა იყვნენ, როგორც ისინი, ვინც მათ განადგურებას ცდილობს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სტერილურ კომუნიკეებზე, პროგნოზირებად კონფერენციებსა და ფრთხილ დიპლომატიაზე დაყრდნობა“ სამყაროში, სადაც მოწინააღმდეგეები უფრო დაუნდობლები და ბევრად უფრო ინოვაციურები გახდნენ, წარუმატებელი იქნება.

„ნგრევის პოლიტიკის ეპოქაში ის, ვინც უბრალოდ განზე გადგა, მუდმივად რისკავს, ნანგრევებში დამარხული აღმოჩნდეს. უკვე მიმდინარე ნგრევის გათვალისწინებით, არასაკმარისია, არსებული სტატუსკვოს აღდგენის რეაქციული, მცირე მასშტაბის მცდელობებით შემოიფარგლო. მათ, ვინც ეწინააღმდეგება ნგრევის პოლიტიკას, უნდა განამტკიცონ უმნიშვნელოვანესი სტრუქტურები, უნდა შეიმუშაონ ახალი, უფრო მდგრადი პროექტები და თავად გადაიქცნენ გაბედულ მშენებლებად. ფსონზე ძალიან ბევრი რამ დევს. სინამდვილეში, ფსონზე ყველაფერი დევს“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე უარყოფილია აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ბრალდება, რომ ევროპული ელიტები ავტორიტარულ ცენზორებად იქცნენ.

დოკუმენტში წერია: „მაშინ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის წამყვანი ფიგურები ბრალს სდებენ ევროკავშირის და ევროპის ცალკეული ქვეყნების მთავრობებს ცენზორობაში, ხოლო უკრაინას ადანაშაულებენ დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუსაბამობაში, ამავდორულად ისინი თავს იკავებენ მოსკოვის ხისტი კრიტიკისგან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აგრძელებდა შიდა რეპრესიებს და საერთაშორისო აგრესიას“.

„აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია საერთოდ არ მოიცავს სექციას, რომელიც რუსეთს ეხება. ეს მაშინ, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას სტრატეგიულ ინტერესად და მორალურ ვალდებულებად განიხილავდა, ტრამპი და მისი გუნდი კი ხშირად გამოხატავს შემაშფოთებელ სიმპათიებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი“, – წერია ანგარიშში.